ყაზბეგში მოქმედი სასტუმრო Step inn-ის დამფუძნებელის ანი ალიბეგაშვილის შეფასებით, საქართველო, სამწუხაროდ ეტაპობრივად ბელარუსის კატეგორიის ქვეყნების სიაში მოხვდება, სადაც დასვენება არავის ენდომება. ამის შესახებ განთავსების ობიექტის ხელმძღვანელმა "ქალების ნარატივში" ისაუბრა.
„როგორც ჩვენ ბელორუსიაში დასვენების სურვილი არ გვექნება, რაც არ უნდა ლამაზი ბუნება ჰქონდეს, ალბათ საქართველოც, სამწუხაროდ, ეტაპობრივად ამ კატეგორიის ქვეყნებში მოხვდება“, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ყაზბეგში გადახდისუნარიანი დამსვენებელი სულ უფრო და უფრო იკლებს და ეს ტურიზმის ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვისაც თვალშისაცემია.
„სამწუხაროდ, საქართველო ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა ხდება ევროპელი ტურისტებისთვის, რაც განპირობებულია იმ პოზიციებით, რომელიც პოლიტიკური მიმართულებით ჩვენს ქვეყანას უკავია. ტურიზმის დეპარტამენტი უნდა გააქტიურდეს და მოხდეს საქართველოს რეკლამირება აქტიურად“, - ამბობს სასტუმროს მმართველი.
ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოს თვეში Step inn-ის დატვირთულობა დაახლოებით 85% იყო. დამსვენებლები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან იყვნენ.
Step inn ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარეობს, რომელშიც 2 მილიონი ევროს უცხოური ინვესტიციაა ჩადებული.