არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელზეც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს შეიკრიბებიან, საქართველო მიწვეული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ინტერპრესნიუსთან" ადასტურებს, "ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გამო, საქართველო კანდიდატის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეული არ იქნება.
"2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, - აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
IPN-ის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. ლიდერების შეხვედრა დანიაში გაიმართება. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი სამუშაო სესია კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი. მეორე სამუშაო სესიის დროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ნახსენები არ არის.




























