ეკონომიკური ინსტიტუტის ატაშეს შესაძლებლობაზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ საგარეო მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს საუბრობდა. საელჩოებში დანიშნულ ატაშეებს რამდენიმე მიზანი უნდა ჰქონდეთ. მათ შორის ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიება და არსებულ ბაზრებზე გაძლიერება, უცხოელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკურ გარემოზე ინფორმაციის მიწოდება და ქართული ბიზნესის უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება. საჭიროა თუ არა და რა შემთხვევაში იმუშავებს ეს მექანიზმი, - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.
-ბატონო ზვიად, პრემიერმინისტრის ინიციატივა - ეკონომიკური ატაშე, თქვენ როგორ აფასებთ ამ მექანიზმს და რა შემთხვევაში იმუშავებს ეს მექანიზმი და რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამ დამატებითი მექანიზმის ამუშავება გვჭირდება?
-უპირველესად აღვნიშნავ, რომ ყველა საშუალება, თუ ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის განვითარებას გაზრდის და ხელს შეუწყობს, ყველა ინსტიტუტი მისასალმებელია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას თავიანთ საელჩოებში, მისიებში ყავთ ასეთი ტიპის ეკონომ-ატაშეები. შეიძლება ამას სხვა თანამდებობის დიპლომატი, მრჩეველი ან პირველი მდივანი ითავსებდეს, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული პერიოდი აქვს, ევროპაში ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით ადგილის დამკვიდრება გვინდა, რომ ჩვენი პოზიციები ევროპას გავაცნოთ, თუ საქართველო რას აკეთებს, აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატები ამას ზოგადად ასრულებენ, მაგრამ ეს არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული ეკონ-ატაშეს თანამდებობა. ამას დღესდღეობით ჩვენს საელჩოებში რიგითი დიპლომატი ითავსებს, მაგრამ თუ ეს იქნება ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ეკონომიკურ თემებზე, პროექტებზე იმუშავებს, ერთი ადამიანი საკმარისია, რათა ელჩს მოუმზადოს ყველა ის პირობა, იმიტომ, რომ ის ასეთი ტიპის პროექტების მარტო განხორციელებას ვერ შეძლებს. მაგალითად, პრეზენტაციები, ქვეყნის ადგილსამყოფელის ადგილზე მოძიება, კომპანიების განვითარება, ყველა ანალიტიკური მასალა სად და რომელ სექტორში შეიძლება იყოს საქართველოსთან ბმაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ელჩიც უნდა იყოს ჩართული და ეს ძალიან კარგი ტანდემი იქნება - ეკონომ-ატაშე, რომელიც საინტერესო მიმართულებას მოამზადებს და ელჩი, რომელიც მასთან ერთად იმოქმედებს და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს ხელს შეუწყობს. აქ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო ვინ დანიშნავს ეკონომ-ატაშეს. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლადც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, რომ ერთგვარი კოორდინაცია იყოს. კარგი იქნება, თუ ეს საგარეო სამინისტროს კადრი, დიპლომატი იქნება, იმიტომ რომ ეკონ-ატაშემ გარდა ეკონომიკური მომზადებისა, ყველა ის პროცესი უნდა იცოდეს, რასაც დიპლომატიური საქმის წარმოება ჰქვია.
-თქვენი ბიზნესსაბჭო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, პრაქტიკულად ეკონომ-ატაშეს ფუნქციას ასრულებს, ამ ფუნქციას ითავსებს. ასეთი ბიზნესასოციაციები არსებობს და რატომ არ უნდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებით დავუშვათ ბიზნესასოციაციები და რატომაა აუცილებელი, რომ სახელმწიფოს იყოს ეკონომ-ატაშე მიბმული?
-ყველა საელჩოს, მათ შორის საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ჰყავთ ეკონომ-ატაშე. ეს არის თანამდებობა, რომელიც აუცილებელია მისიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ჩვენი ბიზნესასოციაციები ახორციელებენ ბიზნეს ფორუმებს, სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებს კონფერენციებისა და სემინარების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც ქვეყანაში საელჩო მუშაობს და იქ კონკრეტულად ერთი პიროვნებაა გამოყოფილი ზუსტად ამ მიმართულებით, ვერ გეტყვით, რომ ეს განსაკუთრებულ შედეგს მოიტანს, მაგრამ ესეც იქნება ნაწილი იმ სამუშაოსი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებისთვის სჭირდება.
-“ფრეიზერის“ თემა, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რეიტინგში საქართველო ტოპ ხუთეულშია. ვაჭრობის კუთხით არანაირი გარღვევა არ გვაქვს და ამ კუთხით საქართველოს ქულა არ გაუარესებულა და არც გაუმჯობესევულა. რას მიაწერთ ამ შეფასებას?
-ბოლო სამი წელია ჩვენ DCFTA-ის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ევროპასთან ვმუშაობთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ექსპერტთა საბჭო გვყავს და ჯგუფები, რომლებიც ხან რეგიონებში და ხანაც დედაქალაქში მართავენ სამუშაო შეხვედრებს. აღვნიშნავ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. არ არის ერთ და ორ წელიწადში საშუალება იმისა, რადგან ჩვენ არ ვართ ისე განვითარებული ქვეყანა ბიზნესის მხრივ, არც წარმოება გვაქვს ისე განვითარებული, რომ რაღაც მოკლე პერიოდში ერთ ან ორ წელიწადში მოკრძალებული ნიშა დავიჭიროთ ევროპაში. არსებობენ საწარმიოები და პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც ევროპასთან უკვე ვაჭრობენ და საკმაოდ პერსპექტიული გეგმები აქვთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ შედეგი უფრო გამოჩნდება. 2 წელიწადში შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია, რადგან ვაჭრობის განვითარებასაც კულტურა ჭირდება.

























