საქართველო ევროპას, შესაძლოა, წყალქვეშა ელექტროხაზით დაუკავშირდეს - აღნიშნული იდეა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბდა და პროექტზე კომპანია Gross Energy Group მუშაობს.
ბიზნესსაბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ საუბარია ჯერ მხოლოდ "ნედლ იდეაზე", რომელიც, შესაძლოა, სამომავლოდ განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ კვლევები დადებით დასკვნას აჩვენებს.
„ეს იქნება საზღვაო ელექტრო ხაზი, რომელიც დააკავშირებს ევროპას საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ეს არის შორეული პერსპექტივა, რადგან 3-4 წელიწადი მაინც დასჭირდება მინიმუმ, თუ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს პროექტი ტექნიკურად შეიძლება განხორციელდეს.
იქნება შესაძლებელი, რომ ევროპიდან შემოიტანო ენერგია, თუმცა, იქ ტარიფები შედარებით ძვირია. ვფიქრობ, პირველ რიგში მინიმალურადაც რომ გავიდეს ჩვენი მხრიდან ელექტროენერგია, მომგებიანი იქნება საქართველოსთვის. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოსთვის, შესაძლოა, აზერბაიჯანიც ჩაერთოს“,- ამბობს ჭუმბურიძე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხების გამოსაკვლევად სპეციალური კონსორციუმი ჩამოყალიბდება.
თავად Gross Energy Group-ის ფინანსური მენეჯერი ირაკლი ტყებუჩავა კი ამბობს, რომ ამ დროისთვის პროექტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
„განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შეეწყობა ენერგო დარგს, რომ განავითარონ ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკაში და სხვა განახლებადი ენერგეტიკაში, როგორებიცაა, ქარი და მზე. ასევე, ის სატრანზიტო რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია, გამოიყენოს - აზერბაიჯანის, რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების ენერგო რესურსი გაიტანოს ევროპაში“,- ამბობს ტყებუჩავა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სრულდება წინარე ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთება და გადავლენ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს ტექნიკურ - ეკონომიკურ დასაბუთებას.