კავეა სითი მოლში კროკობეთის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან - გამარჯვებამდე“ დახურული პრემიერა გაიმართა.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე განვლილი გზისა და გულშემატკივრების იმ ემოციის შესახებ, რომელიც ჩვენი გუნდის უდიდეს წარმატებას მოჰყვა.
ნიკო ადეიშვილი (კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი): „ამ ფილმის გადაღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რა ხდებოდა ევროპის ჩემპიონატზე. გვსურდა გადმოგვეცა თითოეული ჩვენგანისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს და ვეცადეთ, ამ ფილმით სწორედ ეს ემოციები მოგვეტანა. დოკუმენტური ფილმი „საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან - გამარჯვებამდე“ კროკობეთის იუთუბ არხზე გამოქვეყნდება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, უყუროს და ხელახლა განიცადოს ევროპის ჩემპიონატის ემოციები“.
ლადო მჭედლიშვილი (ფილმის რეჟისორი): „პროექტი საკმაოდ საინტერესო იყო. გერმანიაში ჩასვლის დღიდანვე ვხვდებოდით იმას, რომ ყველასთვის განსაკუთრებული პროექტი უნდა ყოფილიყო და გამორჩეული ამბავი უნდა მოგვეყოლა. ჩვენი მიზანი იყო, ფილმი საბოლოო ჯამში ყოფილიყო ისეთი, რომ ყველას გაღვიძებოდა ის ემოციები, რაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მივიღეთ“.
დავით ხარაბაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი): „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფილმზე მომუშავე მთელ გუნდს, რომ ასეთი შესანიშნავი ფილმი შექმნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ისტორიას დარჩება. თავიდან განვიცადე ყველა ის ემოცია, რაც მქონდა მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში. სიმართლე გითხრათ, ემოციის გარეშე ვერ ვუყურე“.
დოკუმენტური ფილმის ნახვა ფართო აუდიტორიისთვის უკვე კროკობეთის იუთუბ არხზე არის შესაძლებელი.