მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო გახდება დანგრეული, ამორტიზებული, კატალიზატორდაცლილი მანქანების სასაფლაო" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

"საქართველო გახდება დანგრეული, ამორტიზებული, კატალიზატორდაცლილი მანქანების სასაფლაო" - ასე აფასებს ეკონომისტი რომან გოცირიძე "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას, 6 წლამდე წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, მათი განბაჟება გააძვიროს.

როგორც იგი მედიასთან აღნიშნავს, მთავრობამ იმპორტის გაუქმების გადაწყვეტილება მოსალოდნელი საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო ვერ მიიღო, თუმცა შემოიღო ტარიფი, რომელსაც რომან გოცირიძე ტრამპის ტარიფებს ადარებს.

"ვერ აამოქმედეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან უამრავი ავტომობილი არის დღეს ჩარჩენილი ზღვაში, ოკეანეში, მოდის ამერიკიდან, მოდის იაპონიიდან, უამრავი ფულია დახარჯული და უკმაყოფილება იქნებოდა ძალიან დიდი და აი ასეთი შემოვლითი გზით გადაწყვიტეს, რომ დააწესონ ისეთი ბაჟი, რომელიც ყოველგვარ სურვილსა და აზრს იქნება მოკლებული, რომ შემოიყვანო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანა.

აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მანქანის განბაჟება, რომელიც ჯდებოდა 1700 ლარი, დღეს უკვე 10 000 ლარი ღირს. 2000 ლარის ღირებულების მანქანის განბაჟება სადაცაა 11-12 ათასი. ანუ, რომ შემოიყვანო 6 წლამდე ასაკის მანქანა და რომ განაბაჟო, რაც დაგიჯდა უცხოეთში მანქანა, ერთი იმდენი აქ უნდა გადაიხადო. რაც, რა თქმა უნდა, აზრს, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ეს დაახლოებით აი ისეა, ტრამპი რომ იმუქრება, რომ აი 500%-იანი ტარიფი უნდა დაგიწესოთო და 500% ტარიფი ნიშნავს აკრძალვას იმპორტისას. მაგრამ ეს არის ეშმაკური ხერხი, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ვერ იჩივლებ, ვინაიდან ადმინისტრაციული აკრძალვა არის დაუშვებელი", - ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტის თქმით, 2020 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფის გაზრდით, ავტოპარკის განახლებას ხელი არ შეეწყობა და სანაცვლოდ ქვეყანა უკუეფექტს მიიღებს.

"რატომ კეთდება ეს?.. ქვეყანაში ქაოტური მშენებლობის შედეგად იზრდება და იზრდება ავტომობილების რაოდენობა და გადაწყვიტეს ეხლა, რომ ხალხმა ელემენტარულად ვერ შეძლოს მსუბუქი ავტომობილების შეძენა. მივიღებთ იმას, რომ საქართველო გახდება დანგრეული, ამორტიზებული, კატალიზატორდაცლილი მანქანების სასაფლაო. ვინაიდან ვერავითარი ჩანაცვლება ვერ მოხდება. ამ ასაკისას ვერ იყიდიან და იძულებული გახდებიან, რომ ძველი მანქანებით იარონ 10 და 20 წელიწადი.

დღეს 20 წელზე მეტი ასაკის მანქანები ქვეყანაში დაახლოებით 25%-ია საავტომობილო პარკისა. ექვს წლამდე ასაკის მანქანები არის მხოლოდ 3% ამ მილიონზე მეტი მსუბუქი ავტომობილიდან. 3%, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები არ იძლევა საშუალებას, რომ იყიდო ისეთი მანქანა, რომელიც ნორმალური იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი განცხადებით, დადგენილება გასაუქმებელია, რადგან ეს არის "კოროფციული სქემა", რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ეწირება.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა - რომელიც თებერვალში დააანონსა და 1-ელი აპრილიდან უკვე ძალაში უნდა შესულიყო - გადაიფიქრა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი, აკრძალვის სანაცვლოდ, 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზრდება და, შესაბამისად, განბაჟება 6-ჯერ გაძვირდება.

კერძოდ, არსებული მდგომარეობით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი განბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, დღეს წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები