საქართველო საკუთარი განახლებადი ენერგიების პოტენციალის მხოლოდ 19% იყენებს. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორს ეხება.
კვლევის თანახმად, ქვეყანას ჰიდროგენერაციის კუთხით 15 ათასი მეგავატი, 1500 ქარის და 1450 მეგავატი მზის სადგურების პოტენციალი აქვს.
ორგანიზაციის განცხადებითვე, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს განახლებადი ენერგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ამ დროისთვის ქვეყნის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4600 მეგავატია, საიდანაც 77% განახლებად ენერგიებზე მოდის, უმთავრესად კი ჰიდროგენერაციაზე. ქვეყნის ერთადერთი ქარის დადგმული სიმძლავრე მხოლოდ 21 მეგავატია და მისი წილი გამომუშავებაში უმნიშვნელოა.
წელს დადგმულ სიმძლავრეს თითქმის 50 მეგავატით გაიზარდა, აქედან ყველაზე დიდი 44.5 მგვტ-იანი "ხობი 2 ჰესია", დანარჩენების სიმძლავრე ძალიან მცირეა.
2024 წელს დამატებული ჰესების დადგმული სიმძლავრე:
- ტოლოში ჰესი-1.5 მგვტ;
- ხობი 2 ჰესი - 44.5 მგვტ;
- შევაბური ჰესი - 1.94 მგვტ;
- დაღეთი ჰესი - 0.81 მგვტ.
მთავრობა ამბობს, რომ 2034 წლისთვის სიმძლავრე გაორმაგდება და 10 ათას მეგავატს გადააჭარბებს.