BMG-იმ ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც იტალიაში, მილანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, „სამოქალაქო იდეა“–ს დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ჩაწერა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს.
თინა, რა მნიშვნელობა აქვს აზიის განვითარების ბანკის 58–ე შეხვედრას საქართველოსთვის იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც საქართველო შეცვლილი საგარეო კურსით ესწრება?
ზოგადად ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რა არის წამყვანი ტენდენციები გლობალურად. დღევანდელ მსოფლიოში ეს განსაკუთრებით საინტერესოა. მაგალითად, ის რომ ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მწვანე ეკონომიკაზე, მწვანე განვითარებაზე არის ძალიან ნიშანდობლივი გამომდინარე იქიდან, რომ ADB-ისთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში – ეს აღარ არის მაინცდამაინც პრიორიტეტული მიმართულება და პირიქით, ერთგვარი წინააღმდეგობის ხაზიც კი გახდა. როცა ამის მიუხედავად, აქ ამხელა აქცენტი კეთდება მწვანე ეკონომიკაზე, ეს ბევრის მთქმელია იმაზე, თუ როგორია გლობალური პოლიტიკური პროცესის აღქმა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რას გავიგებთ ამ შეხვედრაზე კრედიტის გაცემის პოტენციალთან დაკავშირებით. რა ტიპის პორტფელით აპირებს ADB, საქართველოს მსგავსი, მცირე და საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყნები და მათ შორის, საქართველოც დააფინანსოს. საინტერესოა ასევე, საერთოდ რა ფინანსური რესურსი არსებობს, ამერიკის მსოფლიო ბაზრებზე შეზღუდულად მონაწილეობის გათვალისწინებით. აქ უამრავი კომპანია ჩამოდის. ეს არ არის მხოლოდ აზიის განვითარების ბანკის შეხვედრა. ამ ფორუმებზე მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელისუფლებებთან საუბრის დროს ბევრი გადაწყვეტილება მიიღებოდა ხოლმე.
წელს რა მოლოდინი გაქვთ?
"ქართული ოცნება", ვიცით, რომ აქ არის, მაგრამ არსად არ ჩანს. ახლა სპეციალურად ჩამოვიარე – ყველა კარებზე გამოკრულია დახურული შეხვედრების განრიგი და ქართული ოცნება არსად არ არის. იმედია, ჩანიშნავენ შეხვედრებს მომდევნო დღეების განმავლობაში, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ოცამდე ოთახია და არსად ქართული ოცნება მითითებული არ არის. ეს არ არის სესიის შეხვედრები, ეს არის ინდივიდუალური შეხვედრები, რომლებისთვისაც მთავრობები წინასწარ ოთახის დაჯავშნას ითხოვენ ხოლმე. ეს ძალიან სამწუხაროა. წლევანდელი ფორუმისგან რამე სპეციფიკური, გადამეტებული მოლოდინი რომ მქონდეს არ იქნებოდა სწორი: აქ წარმოდგენილ უზარმაზარ ფინანსურ და ექსპერტულ პოტენციალთან როცა არ გაქვს დაგეგმილი ურთიერთობების მთელი სერიალი, რომელიც ყოველთვის იყო ხოლმე – ეს ძალიან ცუდის ნიშანია.
როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება ამ ფორუმსაც პოლიტიკური ლეგიტიმაციის წარმოსაჩენად გამოიყენებს?
ADB ზუსტად ის ფორმატია, სადაც ყველანაირი მთავრობებია და არა მხოლოდ დემოკრატიები, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ტრადიციული ხელის ჩამორთმევები, რაც აქამდეც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ, აქაც გაიმართოს. ოღონდ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, რადგან ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე, მთავარი, დიდი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩვენთვის დახურულია. ქართული ოცნება თუ შეხვდება ტაჯიკეთის ან ყირგიზეთის მთავრობას, რომელთაც მთავარი მონაპოვარი ის აქვთ, რომ რუსული კანონები აამოქმედეს და საინფორმაციო სივრცეები ჩაკეტეს, აქედან ქვეყანას სარგებელი არ ექნება.
ADB-ის პრეზიდენტის მასატო კანდას მიმართვაში ხაზგასმული იყო რეგიონის და უფრო ფართოდ, გლობალურად, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. როგორ ფიქრობთ, ADB-ის ექნება ინტერესი ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით?
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობის გარეშე ანაკლიის პორტი ვერ აშენდება. ეს შეგვიძლია ვთქვათ ცალსახად. ვერ აშენდება ვერც იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ თვითონ დამოუკიდებლად ფინანსური წყაროებიდან ბიუჯეტიდან გასწიოს ხარჯი, რომელიც ანაკლიას სჭირდება იმ 49/51 პაკეტის პირობებში, როცა საქართველო 51%–იან წილს ინარჩუნებს. და მეორე იმიტომ, რომ ნებისმიერი დიდი ინვესტორი ასეთ პროექტებში მოდის მაშინ, ასეთი ტიპის დანახარჯს სწევს და ინვესტიციას ახორციელებს მაშინ, როდესაც არსებობს სხვების მიერ აღებული რისკიც. როგორც წესი ასეთი სხვები არიან არა აუცილებლად რომელიმე პარტნიორი სახელმწიფო ან ინვესტორი – არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიც – ამიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობა უკვე 4 წელია ეძებს ასეთ პარტნიორს. ADB, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იყო, რომელიც მიზანში ჰყავდათ ამოღებული, მაგრამ მე რაც ვიცი, უფრო დიდი სამუშაო ახლა AIIB-ისთან მიმდინარეობს, რადგან იქ ჩინეთის გავლენა დიდია და შესაბამისად, თუ ტენდერში საბოლოო ჯამში გამარჯვებულად ჩინური კომპანია გაფორმდება, მასზე კრედიტის გაცემაც უფრო გამარტივდება. დღეს, მე რაც ვიცი, აზიის განვითარების საინვესტიციო ბანკთან უფრო მიდის ლობირება, ვიდრე აზიის განვითარების ბანკთან.
თქვენ რა გზავნილებით ჩამოხვედით?
ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება ბევრ დირექტორს შევხვდეთ, მათ შორის, საქართველოზე პასუხისმგებელ დირექტორებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენა, განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ და მეორეს მხრივ, შევეცადოთ რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, ამერიკასთან, დასავლეთთან ურთიერთობები ყველა დონეზე გაფუჭებულია – მომავლისთვის მაინც გავუჩინოთ იმედი, რომ ეს ქვეყანა არსად წასვლას არ აპირებს, დემოკრატიული განვითარების გზაზე აუცილებლად დაბრუნდება და ხიდები, რომლებიც ქვეყანასთან არსებობს, ეს ხიდები არ უნდა დაიწვას. ქართულ ოცნებას არავინ არ უნდა ელაპარაკოს, როგორც ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც 5–10 და რამდენიმე შემთხვევაში 25 წლიან გეგმებს ადგენენ, იქ საქართველო აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს.




























