საქართველო Financial Times-ის სტატიაში მოხვდა, როგორც COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა. სტატიაში საუბარია, რომ კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტი, რომელიც მთელს მსოფლიოს სწრაფად მოედო, ყველაზე მნიშვნელოვნად განვითარებად ქვეყნებს აზიანებს, სადაც მოსახლეობის აცრის ტემპი არასაკმარისია იმისათვის, რომ „ინფიცირების ახალი შემთხვევების მატებამ ვირუსის მორიგი ტალღა არ გამოიწვიოს და ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად არ გაზარდოს.“
„ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დონე საშუალო ან მაღალია, კოვიდ დელტა ვარიანტი მოსახლეობის დიდი რაოდენობით სიკვდილიანობას არ იწვევს. ამასობაში, საპირისპირო მაჩვენებლები ჩანს დაბალი ვაქცინაციის ტემპის მქონე ქვეყნებში“, - წერს Financial Times.
ამასთან, სტატიაში გრაფიკულად ჩანს კოვიდ-ინფიცირების ყოველკვირეული შემთხვევები და სიკვდილიანობა, სადაც საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან: გაერთიანებულ სამეფოსთან, პორტუგალიასთან, ნამიბიასთან, ტუნისთან, სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, რუსეთთან, ინდონეზიასთან და ზიმბაბვესთან ერთადაა ასახული.
გრაფიკაზე ასახულია კოვიდ ინფიცირების ყოველკვირეული ახალი შემთხვევები 100 000 ადამიანზე და ასევე, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლები 2 მილიონ ადამიანზე. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ნამიბიის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს 3.1%-იანი მაჩვენებლით.
ცნობისთვის, სტატიაში მოყვანილი ინფოგრაფიკა 1-14 ივლისის მონაცემებს ეყრდნობა.


























