"არაეფექტური, ჩამოშლილი სახელმწიფო OGP-ის წევრი ვერ იქნება" - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ანტიკორუფციული მიმართულების უფროსმა ანალიტიკოსმა, სანდრო ქევხიშვილმა ისაუბრა.
22 აპრილს საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) ოფიციალურად გარიცხეს. ქვეყანას აღნიშნულ საერთაშორისო პლატფორმაზე წევრობის სტატუსი ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისიდან ჰქონდა შეჩერებული, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც ე.წ. "რუსული კანონი" სახელდებოდა.
როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, "ღია მმართველობის პარტნიორობა" არ არის სტანდარტული ორგანიზაცია, რომელშიც ყველა ქვეყანა მონაწილეობს. ის აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც მინიმალურ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და მიზნად ღია, ანგარიშვალდებული მმართველობის შენებას ისახავენ.
"აქ დიდი კომპონენტი არის მმართველობის ეფექტიანობაც. არაეფექტური, ჩამოშლილი სახელმწიფო OGP-ის წევრი ვერ იქნება და არც იღებენ. თუ ქვეყანა ამ სტანდარტს ჩამოსცდება და არაფერს მოიმოქმედებს ვითარების გასაუმჯობესებლად, მას რიცხავენ. საქართველოს ამისთვის პროცედურულად ორი წელი ჰქონდა, სადაც "ქართულ ოცნებას" შეეძლო რაღაც გეგმა მაინც შეეთავაზებინა, რომ რაღაცას შეცვლიდნენ. ეს არ გააკეთეს და ამიტომ იქნა გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული", - აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.
მისივე თქმით, ორგანიზაციას საქართველოს გასვლის მიუხედავადაც რჩება "ნორმალური ქვეყნების კლუბად", თუმცა საქართველოს ეკონომიკური და საერთაშორისო ინტერესებისთვის ეს მძიმე დარტყმაა.
"მგონი, ერთადერთი სხვა ქვეყანა, ვინც გაირიცხა, აზერბაიჯანი იყო. რა გამოდის, რა დონეზეა საქართველო? საერთაშორისო დონეზე ეს არის მკაფიო სიგნალი ყველასთვის - თუ ვინმეს უნდა ინვესტიციის მოტანა, საქმის დაჭერა საქართველოსთან ან რაიმე ტიპის სხვა პროექტის წამოწყება, მათთვის საქართველო აღარ არის სანდო. ასეთი პლატფორმიდან როცა გაგაგდებენ, ეს ნდობის დაკარგვას ნიშნავს.
მოქალაქისთვის ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მუშაობს ღია და ანგარიშვალდებულ მთავრობაზე, გეუბნებათ: თქვენი მთავრობა არ არის ღია, აღარ არის ანგარიშვალდებული და ამიტომ გაგაგდეთ. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქის ხმა, გამჭვირვალობა და საჯარო სამსახურის ეფექტიანობა არის გაფუჭებული და გაუარესებული. ეს კი, რა თქმა უნდა, აისახება თითოეულ მოქალაქეზე", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ქევხიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რასაც OGP ქმნიდა, მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის ჯანსაღი თანამშრომლობა იყო. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის შეიქმნა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც პირდაპირი ანტიკორუფციული მექანიზმია. დღეს ეს პროცესი გაჩერებულია.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ანგარიშვალდებულების შემცირება კორუფციული რისკების ზრდას (მათ შორის ისეთ ფონზე, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მაგალითად, ჯუანშერ ბურჭულაძეს, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა), ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ცალკეული პირების დასჯა სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს.
"შეიძლება გუნდის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩაჯდეს ციხეში, თუმცა კორუფციას, განსაკუთრებით ელიტურ კორუფციას, ასე არ ებრძვიან. მას ებრძვიან იმით, რომ სისტემურად ცვლიან მმართველობას. სისტემური ცვლილების გარეშე, ერთი ადამიანი ჩაეხსნება კორუფციულ სქემას და მეორე ჩაენაცვლება, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს.
კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, რითიც მთელი ქართული კანონმდებლობიდან ამოიღეს ვალდებულება, რომ მთავრობა თანამშრომლობის ფორმაში უნდა შევიდეს არასამთავრობო სექტორთან. ასეთი პოლიტიკით ვერ შეებრძოლები კორუფციას. ძალზე მარტივია - როდესაც თავად "ქართული ოცნებაც" აღიარებს, რომ კორუფცია დიდი გამოწვევაა, როგორ შეიძლება მასთან გამკლავება, როცა 5-6 წელია ქვეყანას არ აქვს სტრატეგიული დოკუმენტი? არ არსებობს ჩამოყალიბებული, ნაფიქრი დოკუმენტი - სად არის კორუფციის პრობლემები, ვინ არის პასუხისმგებელი, რა უნდა გაკეთდეს. ანტიკორუფციული პოლიტიკა არ არსებობს და OGP-დან გარიცხვაც სწორედ ამისი ინდიკატორია", - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში, რომლებსაც ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები ეყრდნობიან, კორუფციის კონტროლსა და კანონის უზენაესობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ქევხიშვილის შეფასებით, OGP-დან საქართველოს გარიცხვა და სისტემური ანტიკორუფციული პოლიტიკის არარსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს.




























