საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირები მზარდია. 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ, ვიზიტებმა, ინვესტიციებმა და ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ დონეს მიაღწია.
გთავაზობთ ოფიციალურ მონაცემებს ორი ქვეყნის კავშირების შესახებ.
ვაჭრობა
2025 წელს ისრაელთან ვაჭრობა სამჯერ, ხოლო იმპორტი ექვსჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 188.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს - 59.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს - 36.9 მლნ აშშ დოლარი. ისრაელთან ვაჭრობის ზრდა იმპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. იმპორტი გასულ წელს 139.4 მლნ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 48.8 მლნ დოლარი.
2026 წლის იანვარ-მაისში ისრაელთან სავაჭრო ბრუნვამ 42.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი 16.7 მლნ დოლარი იყო (წლიური ზრდა 66%), ხოლო ექსპორტი - 25.3 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 16%).
5 თვეში ისრაელიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი შემდეგია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.9 მლნ აშშ დოლარი;
- დანარჩენი საქონელი - 3.3 მლნ აშშ დოლარი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - 1.2 მლნ აშშ დოლარი;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1.1 მლნ აშშ დოლარი;
- სხვა ავეჯი და მისი ნაწილები - 1 მლნ აშშ დოლარი.
ისრაელში ექსპორტირებული TOP-5 პროდუქტი:
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 4 მლნ აშშ დოლარი;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 2.8 მლნ აშშ დოლარი;
- დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე - 1.8 მლნ აშშ დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 1.5 მლნ აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 1.4 მლნ აშშ დოლარი.
FDI
ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირი ინვესტიციები მცირე იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაიზარდა. მაჩვენებელი 2024 წლიდან მზარდია, როდესაც 52.3 მლნ დოლარი შეადგინა. 2025 წელს კი რეკორდული 65 მლნ დოლარი იყო. 2026 წლის პირველ კვარტალში კი 5.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 13.7 მლნ დოლარს.
ფულადი გზავნილები
საქართველოში გადმორიცხულ ფულად გზავნილებში ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. გასულ ორ წელში მასზე მთლიანი გზავნილების 7%-ზე მეტი მოდიოდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელიდან ფულადი გზავნილების ტენდენცია მზარდია. 2025 წელს საქართველოში ისრაელიდან რეკორდული $278.9 მილიონი გადმოირიცხა, რაც აღემატებოდა 2024 წლის $248.6 მილიონს. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში კი $133.4 მლნ გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 8.6%-ია.
ტურიზმი
ისრაელი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2025 წელს რეკორდული 402 426 ვიზიტი შედგა. 2026 წლის I კვარტალში 66 744 ვიზიტით ის მეოთხე ადგილზე იყო, ვიზიტების 17.5%-იანი წლიური კლების მიუხედავად, რაც თავის მხრივ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას უკავშირდება.


























