მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციის ე.წ. მონოპოლიას - ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველო ფაქტობრივად სატრანზიტო ფუნქციას კარგავს.

მან დავოსის ფორუმზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, რომ ფაქტია, რომ აზერბაიჯანმა მომენტი გამოიყენა და ლიდერის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა, როგორც აშშ-ის, ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორს და დამაკავშირებელი იყო სწორედ კასპიის ზღვასა და ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, თავის თავზე აიღო.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც "ოცნება" მიწვეული არ იყო, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა განაცხადეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიის გავლით მოძრაობს, მომავალში პირდაპირ ორ ქვეყანას შორის გადაიზიდება.

"აზერბაიჯანმა როგორც არა მარტო დამაკავშირებელმა, არამედ სატრანზიტო ქვეყანამ ძალიან დიდი ფუნქცია აიღო თავის თავზე, დაუახლოვდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სწორედ იმ საკითხებით, რომელიც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამაში ჩაერთო სომხეთი და საქართველო კარგავს ეგრეთ წოდებულ მონოპოლიას სატრანზიტო ფუნქციის, შუა დერეფანი დავარქვათ ამას თუ რაც გნებავთ, და აქტიურად განვითარდება ალტერნატიული გზა, რომელიც შეიძლება იყოს შემავსებელი და თუ არ იქნება კონკურენტული ფასები, კონკურენტული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება იმ ტვირთებს, რომელიც წამოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, საქართველო თავისთავად ეგ სარკინიგზო თუ საავტომობილო ტრანზიტის პრობლემებიდან გამომდინარე და მოუგვარებელი საერთაშორისო ურთიერთობებით, რომელიც საქართველოს აღმოჩნდა, რომ არავისთან აღარ აქვს ურთიერთობები არც ევროპასთან ეს გამიზნულად, არც აშშ-სთან და მათ შორის მეზობელ ქვეყნებთანაც სერიოზული პრობლემებია იმიტომ, რომ არ გველაპარაკებიან მნიშვნელოვან თემებზე, უბრალოდ ხდება გარკვეულწილად ჩიხი და თუ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ საქართველო აქციონ გეოპოლიტიკურ ჩიხად, აქ ერთადერთი, ვინც სარგებლობს, იქნება რუსეთი, რომელიც უბრალოდ თავის მიმართულებას განავითარებს საქართველოს გავლით და აღარ იქნება საქართველო ისეთი კონკურენტუნარიანი შუა დერეფნის მიმართულებით",- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანი არის საერთაშორისო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და თუ საქართველომ ის სწორად არ განავითარა, თუ იმ სტანდარტებს არ დაექვემდებარა და არ იქნა სწორად დალაგებული საერთაშორისო ურთიერთობები როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან, სადაც ტვირთები უნდა წავიდეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის უსაფრთხოებას, დავინახავთ ქვეყანას, რომელიც ჩამორჩა ყველა პროცესს.

ვანო მაჭავარიანი საქართველოს პოტენციურ ფინანსურ დანაკარგებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"რა თქმა უნდა ცუდი იმაში არაფერია, რომ იქმნება დამატებითი ალტერნატიული მარშრუტი, რომელსაც არა მარტო სიტყვით, არამედ პოლიტიკურად, ფინანსურად - $143 მილიონზე არის საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ჩადოს ამ ალტერნატიული გზის განვითარებაში - ეს ნიშნავს, რომ იქნება სტანდარტები საერთაშორისო და ამას ყოველთვის მოჰყვება ის ინვესტიციები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის შემდეგ იჩენს მისი პარტნიორი ქვეყნები. გააქტიურდება თურქეთი, გააქტიურდება აზერბაიჯანი, რომელიც ამ მიმართულებით მეტ თანხებს ჩადებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის განვითარების ბანკები მეტწილად თანხებს უკვე ამ მიმართულებაზე გაუშვებენ და ერთ-ერთი ამის მაგალითი მათ შორის არის ის, რომ იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია, ჩემი ინფორმაციით, „მიცუბიშის“ კორპორაცია, რომელიც აზერბაიჯანში ძალიან აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო პროექტებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ ნავთობი თუ გაზი, ჩართულია სწორედ მიახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვით სწორედ ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წარმოიდგინეთ რამხელა რესურსებს კარგავს საქართველო იმის გამო, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გაარკვია მისი ორიენტაცია. დღეს არსად არ არის საქართველო წარმოდგენილი. დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ ხდება მიუღებელი მოთამაშე. არსად არ იღებენ, არსად არ იწვევენ და ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს არის ნორმალური",- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები