"ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან - ამის შესახებ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის.
ჩვენ მზად ვართ ხორვატიასთან განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონების დაახლოებაში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური კავშირი ყველაზე აქტიური სავაჭრო მიმართულებით, კერძოდ იმპორტის ნაწილშია.
კერძოდ, 2025 წელს საქართველო-ხორვატიის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 14%-ით გაიზარდა და რეკორდული 22.7 მლნ დოლარი იყო. მაჩვენებელი 2021 წლიდან მზარდია. სავაჭრო ბრუნვა თითქმის სრულად იმპორტზე მოდის. გასულ წელს იმპორტმა 21.8 მლნ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი მხოლოდ 852.3 ათასი დოლარი იყო.
საქართველოში შემოსული პირდაპირი ხორვატიული ინვესტიციების მაჩვენებელი მცირეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ამ ქვეყნიდან ინვესტიციების შემოდინება 2017 წლიდან დაიწყო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2 მლნ დოლარზე მეტი, 2018 წელს დაფიქსირდა. 2024 წელს ხორვატიიდან ინვესტიციები 248.1 ათასი დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის 9 თვის სტატისტიკით, ხორვატიიდან FDI უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -26.6 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ტურიზმს, ხორვატიიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებლები, როგორც პანდემიამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ, არც ისე დიდია. მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 2 011 ვიზიტი, 2019 წელს იყო. 2021 წლიდან კი მზარდია და 2025 წელს 1 940 ვიზიტი აღირიცხა.
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი, მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში 11-13 თებერვალს იმართება. ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის პრეზიდენტი შეხვდა "ოცნების" პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესაც.




























