კლიმატის ცვლილებები მსოფლიოსთვის გამოწვევას წარმოადგენს, საქართველო კი ამ მასშტაბის რეგიონულ შეხვედრას პირველად უმასპინძლებს, ამის შესახებ UNDP-ის გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“.
მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი წარმომადგენელი, შუა აზიის, კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნიდან.
„არსებობს პარიზის შეთანხმება, რომელიც 2015 წელს დაარსდა, შეთანხმებაზე ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ამ ქვეყნებს შორის იყო ასევე საქართველოც. ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ გაატარებენ თავიანთ ქვეყნებში ისეთ ღონისძიებებს, რითაც კლიმატურ ცვლილებებს გაუმკლავდებიან...კლიმატის ცვლილებები მოქმედებს, როგორც სოციალურ სფეროზე ისე ეკონომიკაზე იმისათვის, რომ კატასტროფული მოვლენების ზეგავლენა იყოს ნაკლები, უნდა ვიყოთ უკეთ მომზადებული და ადაპტირებულები, აუცილებელია მზადყოფნა და რისკების უკეთესად შეფასება“,-განაცხადა ნინო ანთაძემ.
პროექტის ორგანიზატორია „გაეროს განვითარების პროგრამა“ და „გაეროს ჩარჩო კონვენცია“ კლიმატის ცვლილებების თემაზე, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოსთან ისეთ თემებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის კეთილდღეობა, ენერგოეფექტურობის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული გეგმა.