ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია „კერესელიძეების მარანის“ თანადამფუძნებლის ილია მენაბდის შეფასებით, „როსპოტრებნადზორის“ განცხადება, რომლითაც ის ქართულ ღვინოს ხარისხს უწუნებს და კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ პროცესს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება.
„ამერიკის ბაზარი გაცილებით სტაბილურია და რუსეთთან შედარებით ყველანაირად უფრო კარგი პირობებია, მაგალითად, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, გადასახადის გადახდის საკითხი... დოლარი უფრო მყარია და გადახდა უფრო მოწესრიგებული სისტემით ხდება. ღვინის მომხმარებელი ამერიკაში უფრო გათვითცნობიერებულია, ვიდრე - რუსეთში. რუსეთში ჩვენგან ისეთი ღვინო გადის, რომ არ არსებობს იქ ისეთი მომხმარებელი იყოს, რომ ღვინო კარგად ესმოდეს. ქართველ მეღვინეს რუსეთში ნაკლებად ხარისხიანი ღვინო გააქვს. ბაზარზე დარტყმა ვფიქრობ, რომ მოკლევადიანი იქნება, იმიტომ, რომ სახლემწიფომ ქართულ ღვინოს ისეთი რეკლამა გაუკეთა, რომ დიდი შანსი გვაქვს, კარგი ღვინო ვაწარმოოთ და ექსპორტზე სხვა ქვეყნებში თავისუფლად გავიტანოთ,“ - განაცხადა bm.ge-ისთან ილია მენაბდემ.
კერესელიძის აზრით, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება და ორიენტირის გაკეთება ხარისხზე.
„საქართველო მცირე მიწის მქონე ქვეყანაა და უნდა ვაწარმოებდეთ ბევრად მაღალი ხარისხის და ფასის ღვინოს, რადგან ქვეყნიდან 1 $-ად ან 1.50 $-ად, რომ გადის ღვინო, სასაცილოა“, - აღნიშნა მენაბდემ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა სამმართველომ („როსპოტრებნადზორი“) ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო.
კერძოდ, რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

























