მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება" - "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი

პაველ დუროვი

პლატფორმა "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში საქართველოს "ბიზნესჰაბს" უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მალე დაბრუნდება.

საქმე ისაა, რომ რუსი წარმოშობის მილიარდერი საქართველოში გასულ თვეს იმყოფებოდა. დუროვის საქართველოში ვიზიტის მიზანი ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა ცნობილია, რომ მას საქართველოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვაკო თურნავამ უმასპინძლა. თურნავას თქმით, მან დუროვს "საქართველოს IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალი" გააცნო.

"საქართველომ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს ქვეყანა ცნობილია თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და საოცარი პეიზაჟებით.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

მთავრობის მიერ გატარებული ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება.

ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და კვლავ აგრძელებს ზრდას წლიურად 8%-ით.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან 0%-იან მოგების გადასახადს და მხოლოდ 5%-ს დივიდენდებსა და ხელფასებზე.

საქართველო, როგორც ტურიზმისა და ბიზნესის კეთების ადგილი, ნამდვილად სათანადოდ შეუფასებელია.

ძალიან მალე აუცილებლად დავბრუნდები!" - წერს პაველ დუროვი "ტელეგრამ" არხზე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის ხელისუფლებამ პაველ დუროვის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მათი მტკიცებით, 2022 წლიდან პლატფორმა 153 000-ზე მეტ დანაშაულში ფიგურირებს, მათ შორის "კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტისა და ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, ასევე გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობების კოორდინირებაში.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თავად მილიარდერმა სისტემატურად უგულებელყო მედიის მარეგულირებლის 150 000-ზე მეტი მოთხოვნა არალეგალური კონტენტის წაშლის თაობაზე.

თავის მხრივ, პაველ დუროვი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ჩასახშობად ახალ საბაბს იგონებს, რათა მოქალაქეები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ აპლიკაციებზე გადაიყვანოს.

პუტინის ხელისუფლებასა და ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელს შორის დაპირისპირება ათწლეულს ითვლის. კრემლმა Telegram-ის დაბლოკვა ჯერ კიდევ 2018 წელს, მას შემდეგ სცადა, რაც კომპანიამ საკუთარი სისტემის დაშიფვრის გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ პლატფორმის პოლიტიკის გამო დუროვს სამართლებრივი პრობლემები ევროპაშიც შეექმნა. 2024 წელს ის საფრანგეთში დააკავეს და ორგანიზებული დანაშაულის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები