ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში საგანგაშო ძვრა შეინიშნება. ეს არა ცალკეული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ გადაწყვეტილებათა იმ თანმიმდევრობის შედეგია, რომლის მიღმაც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილება იკვეთება - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
როგორც Minval Politika აღნიშნავდა, საქართველოს საზღვარზე ვითარება დაძაბული რჩება. აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან მოყოლებული სისტემურ შეფერხებებს აწყდებიან. ზოგიერთი სატვირთო მანქანა თვეობით ვერ გადის საბაჟო პროცედურებს, მეზობელი ქვეყნის ოფიციალური უწყებები კი პრობლემის გადასაჭრელად არც პოლიტიკურ ნებას ავლენენ და არც მმართველობით უნარებს. მათივე ცნობით, ნიშანდობლივია, რომ ეფექტიანობის ნაცვლად, მხოლოდ შაბლონურ დაპირებებს ხედავენ.
აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, ბაქო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და მნიშვნელოვანი სატრანზიტო პარტნიორი იყო, ახლა კი, როდესაც სამხრეთ კავკასია ახალი ეკონომიკური და სატრანსპორტო ფორმატების ჩამოყალიბების ფაზაში შედის, სატარიფო პოლიტიკა ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონული პროცესების დინამიკაზე უარყოფითი გავლენის მომხდენი შეიძლება გახდეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ, Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – "საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა".
"საქართველოს რეაქცია ერთგვარი ინდიკატორი გახდა - არა მხოლოდ მისი კომერციული პოზიციის, არამედ მისი პოლიტიკური აზროვნების. ჩვენი მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი შემოგვთავაზა, რაც კილომეტრზე ტონაზე 0,82 დოლარს შეადგენს! ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარება სხვაგვარად აჩვენებს. შედარებისთვის, აზერბაიჯანის გავლით 680 კმ მანძილზე - იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე - მსგავსი ტვირთის ტრანსპორტირება 17 დოლარი ღირს, ანუ კილომეტრზე ტონაზე 0,02 დოლარი. ეს 40-ჯერ ნაკლებია შემოთავაზებულ ტარიფზე. 40-ჯერ მეტი სხვაობა არა ბაზრის, არამედ განზრახვის მაჩვენებელია.
უფრო მეტიც, თავად საქართველოს ფარგლებში, ასეთი ტვირთები 17 დოლარის ოდენობით იგზავნება 360–396 კილომეტრის მანძილზე - ანუ 0.04–0.05 დოლარი კილომეტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის მოგებიანია, ტარიფი ოცჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის შემოთავაზებული. აქ ეკონომიკური ლოგიკა პოლიტიკურ სიგნალს უთმობს ადგილს.
ასეთი ქცევა გარდაუვალად იწვევს გაოცებას. საქართველო, ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული, ახლა ავლენს ქცევის ისეთ ნიმუშს, რომელიც ეწინააღმდეგება მის საკუთარ გრძელვადიან ინტერესებს. ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს ძირს უთხრის მთავარი პარტნიორის ნდობას, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლოჯისტიკური მონოპოლია აღარ არის ერთადერთი ვარიანტი. რეგიონული კავშირის პროექტები ვითარდება და ძველი არქიტექტურის ძალისმიერი ზეწოლით შენარჩუნების მცდელობები მხოლოდ აჩქარებს მის ეროზიას.
დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების მდგრადი რეგიონული არქიტექტურის ფორმირებას. იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გადავიდეს კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე, თბილისის ქცევა, როგორც ჩანს, ამ გარდამავალი პერიოდის შეფერხების მცდელობაა. რთულია ასეთი პოლიტიკის სხვაგვარად აღწერა: ის არა მხოლოდ ძირს უთხრის რეგიონული მშვიდობის მშენებლობის საერთო იმპულსს, არამედ აჩვენებს ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობის სურვილის არქონას.
თბილისმა უნდა გაიგოს, რომ გაუმართლებელი ბარიერების პოლიტიკა გარდაუვალად წარმოშობს კონტრზომებს. ქვეყანას, რომლის ეკონომიკაშიც ბაქო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად ინვესტირებას და მხარდაჭერას ახორციელებდა, აზერბაიჯანის ინტერესების იგნორირების ფუფუნება არ აქვს. პასუხისმგებლობა სახელმწიფოების სიმწიფის მთავარი კრიტერიუმია და საქართველო ამჟამად ამ სიმწიფის გამოცდას გადის", - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, 2026-ში აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების ხელშეკრულებას ვადა გასდის.
აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება. ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს საქართველომ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ³ გაზს იღებს.
არსებული მდგომარეობით, საქართველო წლიურად 3.1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან 2024 წელს საქართველომ 2.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან მიიღო, ხოლო რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზრდილია და ის 2024 წელს 788 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.




























