მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის"-კახეთში კერძო სექტორი ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს შეხვდა

5d207bafcfd52
BM.GE
06.07.19 15:10
830
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის წინაპირობა იყო კახეთის კერძო სექტორის თხოვნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა რუსეთიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერების შემდეგ. 

შეხვედრას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომელთა საქმიანობაც, მეტნაკლებად, რუსეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს რუსეთის ბაზარზე ყიდიან, აგრეთვე ღვინის ტურიზმის ობიექტების - ღვინის მარნების მფლობელები, რომელთა სტუმართა დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.  შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა აგროკულტურების, მათ შორის, ატმის ექსპორტიორებიც რუსეთის ბაზარზე.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების ნორმალიზება, რათა დანაკარგი, რომელიც საქართველოს შეიძლება მიადგეს, კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს და ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარი არ დაკარგოს.

გარდა ამისა, გამომსვლელთა უმრავლესობა მთავრობის წევრებს სთხოვდა აქტიურ ქმედებას, რათა ინფორმაცია საქართველოში არსებული სტაბილური ვითარების შესახებ გავრცელდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. „საქართველო მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის," - ამბობდნენ ისინი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმში აქტიურად არიან ჩართული. აღინიშნა, რომ ტურიზმის ეს მიმართულება კახეთში დიდ აღმავლობას განიცდის, რაზეც მეტყველებს ახალი ღვინის სასტუმროების გახსნა რეგიონში, თუმცა შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება მნიშვნელოვნად დააზარალებს აღნიშნულ სექტორს. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მათ უკავშირდებიან პოტენციური ტურისტები რუსეთიდან და ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიულ გზებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები