„საქართველოს წილად ხვდა პატივი 2027 წელს, უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რომში, ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ცნობისთვის, ფლებოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ვენების დაავადებებს შეისწავლის.
მისი თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის.
"ეს აღიარება ადასტურებს არა მხოლოდ ფლებოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში, არამედ - საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც ჯანდაცვის უწყება იტყობინება, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველო მზად არის, უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს.
„თბილისი - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რომ კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველო მზად არის, უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს - ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. მზად ვართ, რომ მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრს ორაციო სკილაჩისა და მსოფლიო ფლეგოლოგთა კავშირის პრეზიდენტს, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორს სერჯო ჯანეზინის.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ექსპერტები სამედიცინო დარგში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა.




























