მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
როგორც მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
„სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს, ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის.
თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცენდენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები.
მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.