კომპანია "ჯეოპარსის" ხელმძღვანელი ლაშა ქორიძე აცხადებს, რომ სუფსის კომპლექსის აშენების შემდეგ, საქართველო ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდება. მისი თქმით, კომპანიამ უკვე შეისწავლა 12 საექსპორტო მიზნობრივი ბაზარი, თუმცა პრიორიტეტად ევროპის ქვეყნები რჩება.
"ჩავატარეთ ბაზრის კვლევა რეგიონში, ამ სფეროს მსხვილი მოთამაშეების სტრატეგიული გეგმების და პროგნოზების შესახებ და დაიდო დასკვნები, რომ 2050 წლამდე სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის წარმოებული პროდუქცია მოთხოვნადი იქნება. ეს ძალიან კარგი დასკვნაა. ეს იქნება რეგიონში სტაბილურობის გარანტია", - განაცხადა ქორიძემ გადაცემაში "საქმის კურსი".
სუფსაში ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპლექსის მშენებლობისთვის კომპანია "ჯეოპარსი" მთლიანობაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. პროექტისთვის კომპანიას სახელმწიფომ 200 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გადასცა.

























