„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) საქართველოს გარიცხვას „მძიმე და შემაშფოთებელ ფაქტს“ უწოდებს.
“ეს არის სარკე, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეალური სახე დაგვანახა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ ფაქტის შეფასებისას.
საქმე ის არის, რომ საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციაში წევრობის სტატუსი 2024 წლიდან ჰქონდა შეჩერებული. ერთ-ერთი მიზეზი „რუსული კანონი“ იყო. 22 აპრილს კი, ჩვენი ქვეყანა OGP-დან გარიცხეს - პლატფორმიდან, სადაც მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად მუშაობენ კორუფციის შემცირებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე.
ირაკლი აბესაძის შეფასებით, პრობლემა თავად გარიცხვის ფაქტში კი - არა, იმ მიზეზებშია, რამაც ეს გამოიწვია. მისი თქმით, OGP-მ დაინახა რეჟიმი, რომელიც აღარ თვლის საჭიროდ პასუხისმგებლობის აღებას კორუფციასა თუ ადამიანურ ტრაგედიებზე.
„OGP-მ გაგვრიცხა იმიტომ, რომ ჩათვალა, დღეს გვყავს რეჟიმი, რომელიც აღარ თვლის საჭიროდ ანგარიშვალდებული იყოს თუნდაც უმძიმესი დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ. ასეთი სახელმწიფოს იქ ყოფნას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. ეს არის მორიგი ნიშანი გარედან, რომ რაღაც სერიოზულად არასწორი ხდება და საჭიროა აქტიური პროტესტი, რომელსაც საზოგადოება უკვე 500 დღეზე მეტია მიმართავს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, OGP იყო პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებას რეფორმების გატარებასა და საკუთარი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდაში ეხმარებოდა და ორგანიზაციიდან გარიცხვა იმის დასტურია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები ინკლუზიურობის გარეშე, „დახურულ კარს მიღმა“ მიიღება.
„OGP-დან გარიცხვა არის სარკე საქართველოს მოქალაქისთვის, რომ რეალურად გვყავს მთავრობა, რომელმაც უარი თქვა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე. ეს არის პირდაპირი დადასტურება, რომ გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. მთავრობა აღარც კი გვიხსნის, რაში იხარჯება ის მილიარდობით ლარი, რომელსაც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ბიუჯეტში აგროვებს“, - აცხადებს ირაკლი აბესაძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ყურადღება დაუთმო OGP-დან გარიცხვის ეკონომიკურ ეფექტებსაც. რესპონდენტის თქმით, საერთაშორისო პლატფორმიდან გარიცხვა „მძიმე სიგნალია“ ინვესტორებისთვისაც, რადგან გაუმჭვირვალე მმართველობა ბიზნესგარემოს არაპროგნოზირებადს ხდის. ირაკლი აბესაძემ მაგალითად მოიყვანა ავტომობილების იმპორტსა და პლასტმასის ჭურჭელთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე დაიგეგმა.
„OGP-დან გარიცხვა არის სარკე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქისთვის, რათა დაინახოს, რომ რეალურად გვყავს მთავრობა, რომელმაც უარი თქვა ხალხის, ანუ ნორმალურ სახელმწიფოში ძალაუფლების წყაროს წინაშე ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე. ეს, ამავდროულად, მძიმე სიგნალია ბიზნესისთვისაც, როგორც ადგილობრივი, ისე მით უმეტეს უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს არის პირდაპირი დადასტურება, რომ აქ გადაწყვეტილებები ინკლუზიურობის გარეშე მიიღება, შესაბამისი დაინტერესებული მხარეები აღარ არიან ჩართული პროცესში და მთავრობის ნაბიჯები გაუმჭვირვალეა, რაც, ცალკეული მოქალაქეების გარდა, სერიოზული პრობლემაა ბიზნესისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.




























