საქართველო რეგიონის ჰაბი გახდა ავტომობილების მიწოდებაში,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.
ახალი რეგულაციების მიუხედავად საავტომობილო კომპანიები 2017 წელს დადებითად აფასებენ. გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ საწვავსა და ავტომობილების იმპორტზე აქციზის გაძვირებამ გაყიდვები არ შეამცირა.
მისივე თქმით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებზეც აქციზი მკვეთრად გაიზარდა, ნაკლებად შემოდის, სამაგიეროდ, გაიზარდა მარცხენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი. გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ მარჯვენასაჭიანების შემცირება მარცხენასაჭიანებმა სრულად ვერ დააკომპენსირა, თუმცა, დიდი კლება არ ფიქსირდება.
ამასთან, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქართულმა კომპანიებმა რეექსპორტის ბაზარი დაიბრუნეს აზერბაიჯანში, ისტორიულ მაქსიმუმადეა გაზრდილი რეექსპორტი სომხეთშიც, ხოლო უკრაინაში ქართული ავტობიზნესი ახლა იკიდებს ფეხს.
„საქართველო რეგიონში ავტომობილების მომარაგების ჰაბია. აქ ჩამოდის ძირითადად სააუქციონო და დაზიანებული მანქანები, ხდება მათი შეკეთება და შემდგომ გაყიდვა. ასეთი ავტომობილი უკრაინის მუქალაქემ რომ საქართველოდან შეიძინოს, 3-4- დღეში ადგილზე ეყოლება, ამერიკიდან ჩამოსვლას კი 2-3 თვეს უნდა ელოდოს. შემდგომ უნდა აღადგინოს, შეაკეთოს და ა.შ. ამიტომ ურჩევნია, რომ საქართველოდან მიიღოს პროდუქტი უფრო სწრაფად“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.
"კავკასიის ავტოიმპორტი" 2018 წელს გააქტიურებას სწორედ უკრაინაში აპირებს. კომპანიამ უკვე გახსნა ოფისი ადგილზე და სარეკლამო კამპანიის წარმოებას აქტიურად გეგმავს.
ავტოიმპორტიორი კომპანია mycar.ge-ს მენეჯერი გია დვალიც ამბობს, რომ რეგულაციებს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. მისი ინფორმაციით, იაპონური მანქანები ახლა ამერიკულმა ჩაანაცვლა, თუმცა, რაოდენობრივად ფაქტობრივად იმდენივე ავტომობილი იყიდება საქართველოში, როგორც მანამდე.
გია დვალის ცნობით, ყველაფერთან ერთად საქართველოში ასაკით ბევრად უფრო ახალი ავტომობილები შემოდის, შესაბამისად, ავტოპარკი ახლდება.
ამასთან, ავტოიმპორტიორის თქმით, ლარის გაუფასურება დროდარო აფერხებს ახალი ავტომობილების შემოყვანას, თუმცა, განსაკუთრებული გავლენა მაინც არ აქვს.

























