ბრისტოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯეიმს დიარი ფიქრობს, რომ საქართველომ საკუთარი თავის წარმოჩენასა და რეკლამირებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს. ამის შესახებ მან თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელიც თბილისი- ბრისტოლის დამეგობრების 30 წლისთავს მიეძღვნა.
მისი თქმით, საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ბიზნესის კეთებისთვის და ამას ხაზი უნდა გაესვას.
"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანული კომპანიების მხრიდან იქნება დაინტერესება საქართველოში ოპერირებაზე. პოტენციალს ტურიზმის ინდუსტრიაში ვხედავ, განსაკუთრებით კი თბილისში. ასევე საინტერესოა სამშენებლო სექტორი, დიდი საინვესტიციო პროექტები საინტერესო იქნება ბრიტანული კომპანიებისთვის. ასევე შეიძლება მხარეებმა გაუცვალონ ერთმანეთს გამოცდილება, თუ როგორ წაახალისონ მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი.
როგორც პატარა ქვეყანამ, ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენას და რეკლამირებას. უნდა დაარწმუნოთ ადამიანები, რომ აქ არის სტაბილურობა, როგორც პოლიტიკური ასევე რეგულატორული მიმართულებით. უნდა გააძლიეროთ მუშაობა იმისთვის რომ დაანახოთ ადამიანებს - საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ბიზნესის კეთებისთვის”,- აცხადებს ბრისტოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი.

























