საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული SGS-ი 3 თვეში დაიწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მონიტორინგი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე 3 თვის შემდეგ დაიწყება.
ეს პერიოდი კი, ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმობა.
BM.ge ამ თემაზე შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა.
მათი განმარტებით, საკითხზე სპეციალურად შემქმნილმა სამთავრობო კომისიამ უნდა იმსჯელოს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ.
შეგახსენებთ: მონიტორინგი 3 სავაჭრო დერეფანზე განხორციელდება - პირველი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს. ის სოჭთან იწყება და ზუგდიდში მთავრდება; მეორე დერეფანი მოიცავს ცხინვალის რეგიონს, ხოლო მესამე - ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.