საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57-ეა. საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია - ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი (IDI) გამოიყენება ქვეყნების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შესაფასებლად და განსაზღვრავს ქვეყნის ICT განვითარების დონეს მსოფლიო მასშტაბით. ინდექსი უნივერსალური (Universal Connectivity) და ყოვლისმომცველი (Meaningful Connectivity) კავშირის 10 კრიტერიუმს აერთიანებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საკითხთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და წინ უსწრებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს.
"საქართველოში აქტიურად ვითარდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემა, ხელი ეწყობა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნოლოგიურ კომპანიების წინსვლას. ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით მიმდინარეობს ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელის მშენებლობა, რომელმაც 2025 წლისთვის მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, საკუთარი სატელეკომუნიკაციო ქსელების გაფართოებაში,", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

























