მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველო სამედიცინო ტურიზმის რუკაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად უნდა მოინიშნოს" - ორთოდონტიული ცენტრი

63d38ef28d0c3
თათია კაკიაშვილი
27.01.23 22:56
1303
“საქართველოს სტომატოლოგიურ სფეროს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვან ადგილს იკავებდეს ტურისტულ ბაზარზე, თუმცა ამ ეტაპზე ლიდერ პოზიციას ჩვენი მეზობელი თურქეთი იკავებს,“ - ამის შესახებ BMG-ის ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დირექტორმა თამარ გეგიამ განუცხადა და დასძინა, რომ ამ კუთხის თურქეთის პოზიციონირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

„ორ ათეულ წელზე მეტია, თურქეთის სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ დენტალური ტურიზმი არ არის ცალკე აღებული რაღაც მიმართულება, ეს არის ძალიან დიდი სფერო - სამედიცინო ტურიზმის ერთი ნაწილი, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანია, იხარჯებოდეს შესაბამისი სახელმწიფო რესურსი. ამ მიმართულებით საჭიროა ძალიან კომპლექსური და მასშტაბური სამუშაოს ჩატარება, პირველ რიგში, ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით,” - განაცხადა თამარ გეგიამ.

მისივე თქმით, კლინიკის უდიდესი ნაწილი უცხოელ პაციენტებზე მოდის, თუმცა - არა ტურისტებზე. მისი თქმით, კლინიკის უცხოელი პაციენტების დიდი ნაწილი ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად სასწავლო, სამუშაო ან საცხოვრებელი მიზნებით იმყოფებიან. ტურისტული სტომატოლოგიის მიზნით ჩამოსული პაციენტების რაოდენობა კი ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში დაბალია და ისინი კლინიკას, ძირითადად, ესთეტიკური სტომატოლოგიის სერვისებზე მიმართავენ. საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის ასამაღლებლად, კლინიკის დირექტორი, კვლავ ცნობადობის ზრდას და პოპულარიზაციას უკავშირებს.

“საქართველო უნდა მოინიშნოს სამედიცინო ტურიზმის რუკაზე, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შეუძლია ნებისმიერი ეროვნების პაციენტს. ქვეყანას და კონკრეტულად ჩვენს კლინიკას აქვს რესურსი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებას და სწავლებას ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, შესაბამისად, ყველა სიახლე ძალიან სწრაფად ინერგება, რაც ზოგადად ამ დარგში არსებობს. ამას გარდა, კლინიკა აღჭურვილია სრულად უახლესი ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა საუბრობს რამდენიმე უცხო ენაზე, ასე რომ ენის ბარიერიც პაციენტებს ჩვენთან არ აქვთ. ჩვენი კლინიკა მუშაობს დასავლური პროტოკოლებით და ევროპული მასალებით, შესაბამისად, სრულ თანხვედრაში ვართ იმ მოლოდინებთან, რაც პაციენტებს შეიძლება, ჰქონდეთ. მთავარი სამუშაო არის ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, რაც ძალიან კომპლექსური და რთული სამუშაოა, თუმცა არა - შეუძლებელი,” - განაცხადა თამარ გეგიამ.

ცნობისთვის, ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკა ბაზარზე 2 ფილიალითაა წარმოდგენილი - “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრით” და “ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრით”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები