საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა მოაწერეს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოცემული, ოქმის თანახმად, განისაზღვრა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით.
კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უმასპინძლებს ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს სერბეთიდან, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს პრომოციას საკუთარ სამშობლოში. გარდა ამისა, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განიხილავენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც სერბეთმა განვლო ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ძირეულ რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, სერბეთთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან ჩვენ შევქმნით დიალოგის სპეციალურ ფორმატს, რომელიც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გამოხატა მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
"საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ოქმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ჩვრნს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკონომუკური კავშირების გაღრმავებასა და გაფართოვებას", - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

























