პირდაპირი ფრენების ნაკლებობა და ინფრასტრუქტურის სიმცირე - ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივა არსებობს თუმცა კონკრეტული გამოწვევების ფონზე ამ მიმართულების სრულად ათვისება ვერ ხერხდება.
ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ირმა კოდუა ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იქცეს რეგიონული შეხვედრების საინტერესო ლოკაციად. მისი თქმით, ქვეყნის პოზიციონირება ამ კუთხით მნიშვნელოვანია.
კოდუა აცხადებს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა და კონკრეტულ ქვეყნებთან არსებული სავიზო რეჟიმი ქვეყანას მნიშვნელოვან წინაპირობას უქმნის რომ საქმიანი ტურიზმის განვითარება მოხდეს.
“საქართველო თავისი მდებარეობით საკმაოდ საინტერესოა რეგიონული შეხვედრებისთვის. როგორც ახლო აღმოსავლეთიდან ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან. არის შემთხვევები, როდესაც კომპანია რომელსაც აქვს სათავო ოფისი ამერიკაში ხშირად აკეთებს კომბინირებულ შეხვედრებს მაგალითად სამხრეთ აფრიკიდან, აფრიკის კონტინენტიდან ჩამოჰყავთ სტუმრები.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ლოკაცია მოსახერხებელია, ძალიან ხშირად რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხდება საქართველოში. ვფიქრობ, აქცენტი უფრო რეგიონალური შეხვედრების კუთხით უნდა გაკეთდეს.
სავიზო ნაწილსაც გამოვყოფდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვაქვს ახლო აღმოსავლეთზე საუბარი, არის გარკვეული შეზღუდვები ევროპასთან. აქ შეიძლება საინტერესო პოზიცია დავიჭიროთ იმ კუთხით რომ საქართველოში 80 ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია შემოვიდეს საკმაოდ გამარტივებული პროცედურებით ან უბრალოდ ვიზა არ ესაჭიროება.
ამის პოპულარიზაცია უნდა გავაკეთოთ და ვიმუშაოთ რომ საქართველოში მარტივია ჩამოსვლა,”-ამბობს საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ირმა კოდუა.
კოდუას თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარება მოხდეს აუცილებელია პირდაპირი ფრენების დამატება. მისი განმარტებით, არსებული სიხშირეები კარგია, მაგრამ ევროპის კონკრეტული ქვეყნების მიმართულებების გააქტიურება პროცესს დაეხმარება.