მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო, სომხეთი და ირანი ერთიანი ენერგოქსელის პროექტს რუსეთის ჩართულობის გარეშეც განახორციელებენ"

575e7291db942
დავით ჯალაღონია
13.06.16 12:29
1691
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, საქართველო, სომხეთი და ირანი ერთიანი ენერგოქსელის პროექტს რუსეთის ჩართულობის გარეშეც განახორციელებენ.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ილია ელოშვილმა განუცხადა, რუსეთის ფედერაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებთან "ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმზე ხელი მოწერილი აქვს, პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის დასრულებას ელოდება და ამის შედმეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ ფორმატს საქართველოსთან, სომხეთთან და ირანთან ერთად.

"სომხეთი უკვე ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოაწყოს. ჩვენს მხარეს რაც შეეხება, ახლა „ქსანი–ყაზბეგის“ ქვესადგურის პროექტირება მიმდინარეობს და ძალიან მალე მშენებლობის ეტაპზე გადავალთ. ასევე, ირანი თანახმაა და შემოსულია ამ კავშირში", – განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ „მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთი შემოუერთდება თუ არა ამ პროექტს, რადგან სომხეთი, საქართველო და ირანი უკვე საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი ღერძი იქნება და ადრე, თუ გვიან, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

რაც შეეხება ყაზბეგში ახალი 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, ელოშვილის განმარტებით, ეს გამოხმაურება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცების აქტივობამ განაპირობა.

"ადგილობრივებთან პრობლემები არ არის ეს, ეს არასამთავრობოებთან პრობლემებია, რომლებიც რუსეთის ხუთწლიან საინვესტიციო გეგმას იღებენ, რომელიც საიდან აქვთ არ ვიცი, ამის მოძიება შეიძლება, მეც გამიჭირდეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ თითქოს ეს ხაზი სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს პრეროგატივაა – გადაწყვიტოს მისი სტრატეგია და პოლიტიკა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხაზი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოსახლეობას, ადგილზე, სადაც ხაზი კერძო საკუთრებაზე გაივლის, ყველა კომპენსაციას მიიღებს“, – განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2015 წლის დეკემბერში ირანს, სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის "ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საკოორდინაციო საბჭოსა და რეგიონალური სადისპეჩერო ცენტრის შექმნას, ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალიწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები