მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო "ციფრული მომთაბარეებისთვის" ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად დასახელდა - Holafly-ს რეიტინგი

ციფრული ნომადი

ციფრულ მომთაბარედ ქცევა ბევრი დისტანციური თანამშრომლის მიზანია, თუმცა ამისთვის საჭირო ბარიერების გადალახვა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ სირთულეს უკავშირდება. ბიუროკრატია შესაძლოა ნებისმიერ სახელმწიფოში სერიოზულ პრობლემად იქცეს, თუმცა გარკვეული მიმართულებები საზღვარგარეთ დამკვიდრების მსურველებს პროცესს საგრძნობლად უმარტივებენ.

ცნობისთვის, ციფრული მომთაბარე არის ადამიანი, რომელიც თავისუფლად მოგზაურობს და დისტანციურად მუშაობს საზღვარგარეთიდან, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს მინიმალური მატერიალური ნივთები აქვთ და დროებით საცხოვრებლებში (მაგალითად, სასტუმროებში), ინტერნეტ-კაფეებში, საჯარო ბიბლიოთეკებში, საერთო სამუშაო სივრცეებსა თუ საცხოვრებელ ფურგონებში მუშაობენ, ქსელთან წვდომისთვის კი "Wi-Fi"-სა და მობილურ ინტერნეტს იყენებენ.

კომპანია Holafly-ის ახალი კვლევა - "Digital Nomad Friction Index 2026" კი ზუსტად ავლენს, თუ რომელი ქვეყნები ქმნიან ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ნაკლებ ბარიერს.

Holafly საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მოგზაურებს საერთაშორისო eSIM ბარათებსა და მობილური ინტერნეტის გადაწყვეტებს სთავაზობს. კომპანიამ ციფრული მომთაბარეებისთვის პოპულარული 17 მიმართულება შეისწავლა. საერთო ინდექსის გამოსათვლელად გაანალიზდა ისეთი ფაქტორები, როგორებიც სავიზო პროცედურების სირთულე, საბანკო სერვისებზე წვდომა, ჯანდაცვა, ინტერნეტკავშირი, ცხოვრების ხარჯები და შესაძლო შეფერხებების რისკია.

მონაცემთა დამუშავების შედეგად, ბარიერების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით რეიტინგში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა.

წარმოგიდგენთ კიდევ 6 ქვეყანას, სადაც ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ნაკლები ბარიერი მოქმედებს.

საქართველო
აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო ცნობილია ღვინითა და შესანიშნავი სალაშქრო მარშრუტებით. აშშ-იდან ჩამოსული მოგზაურებისთვის ქვეყანა ცხოვრების დაბალი ხარჯებით გამოირჩევა. ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლამდე შეუძლიათ, რა დროსაც მათ უცხოურ კომპანიაში დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. ყოფნის ვადის კიდევ ერთი წლით გასაგრძელებლად მოგზაურებს ქვეყნის დატოვება და ხელახლა შემოსვლა შეუძლიათ, თუმცა ხელახალი შემოსვლა მესაზღვრე ოფიცრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის დისტანციური მუშაობის სავიზო პროგრამა ციფრულ მომთაბარეებს ქვეყანაში 3 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევთ, თუ მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ დამსაქმებელთან აქვთ კონტრაქტი და შემოსავლის კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ინგლისური აქ ერთ-ერთი ოფიციალური ენაა, რაც ინგლისურენოვანი მოქალაქეებისთვის ადაპტაციას ამარტივებს.

მალაიზია
მალაიზია დისტანციურ მუშაკებს სპეციალურ "მომთაბარის საშვს" (nomad pass) სთავაზობს, რომელიც 3-დან 12 თვემდე ვადით გაიცემა და მისი გაგრძელება კიდევ 12 თვითაა შესაძლებელი, პროფესიის მიხედვით განსაზღვრული მინიმალური შემოსავლის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს მულტიკულტურული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყანა - განსაკუთრებით მისი დედაქალაქი კუალა-ლუმპური - ძალიან პოპულარულია ამერიკელ მომთაბარეებს შორის, რასაც ინგლისური ენის ფართოდ გავრცელებაც უწყობს ხელს.

პორტუგალია
მსურველებს შეუძლიათ მიმართონ გრძელვადიან ციფრული მომთაბარის ვიზას, რომელიც ვადის გაგრძელებასა და მოქალაქეობის მიღების პერსპექტივას ითვალისწინებს. ასევე არსებობს დროებითი ვიზა 1 წლამდე ვადით დარჩენისთვის. პორტუგალიის მაღალმა პოპულარობამ ემიგრანტებსა და მომთაბარეებს შორის უძრავი ქონების ფასების ზრდა გამოიწვია, რის გამოც ქვეყანა ფინანსურად ისეთივე მიმზიდველი აღარ არის, როგორც ადრე (ესპანეთის მსგავსად, ადგილობრივების ნაწილი აქაც უკმაყოფილოა ვიზიტორთა დიდი ნაკადით). თუმცა, ევროპაში მუდმივი ბაზის შესაქმნელად, პორტუგალია კვლავ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად რჩება.

ტაილანდი
ისეთი კოსმოპოლიტური ქალაქებით, როგორიცაა ბანგკოკი და ჩიანგ-მაი, და ულამაზესი კუნძულებით, ტაილანდი მთელი მსოფლიოდან იზიდავს მოგზაურებს, მათ შორის მათ, ვისაც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენა სურს. დისტანციურ მუშაკებსა და ფრილანსერებს შეუძლიათ მიმართონ 5-წლიან ვიზას (Destination Thailand Visa), თუმცა ქვეყანაში ყოფნის ვადა 180-დღიან სეგმენტებად იყოფა.

ესპანეთი
ფრილანსერებს ან ესპანეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კომპანიებში დასაქმებულებს შეუძლიათ მიიღონ ციფრული მომთაბარის ვიზა, თუ მათი შემოსავალი ესპანეთის მინიმალურ ხელფასს სულ მცირე ორჯერ აღემატება. ვიზა 1 წლამდე მოქმედებს, თუმცა შესაძლებელია 3-წლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაც, რომელიც მოგვიანებით კიდევ 2 წლით გრძელდება. ოჯახის წევრებს (მეუღლე და შვილები) თანხლების უფლება აქვთ, რაც პროგრამას ოჯახებისთვის მიმზიდველს ხდის.

მექსიკა
მექსიკა აშშ-სთან რამდენიმე სასაათო სარტყელს იზიარებს, რაც ამერიკულ კომპანიებში მომუშავე მომთაბარეებისთვის დისტანციურ მუშაობას განსაკუთრებით აადვილებს. ქვეყანაში ცხოვრების დაბალი ხარჯებია, არჩევანი კი მრავალფეროვანია - სანაპირო ქალაქებიდან (როგორიცაა პლაია-დელ-კარმენი) კოსმოპოლიტურ მეხიკომდე. ქვეყანაში დარჩენა შესაძლებელია დროებითი ბინადრობის ვიზით, რომელიც 180 დღიდან 4 წლამდე ცხოვრების უფლებას იძლევა ფინანსური სტაბილურობის დადასტურების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები