მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო ტურიზმის სტიმულირებისთვის 25 მლნ ლარს ხარჯავს. უკრაინას კი ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია"

574595f5f3a95
თელარა გელანტია
25.05.16 16:06
1822
კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანტონ ტარანენკოს განცხადებით, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა, ქვეყანა ცდილობს არსებული ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.
 
როგორც ტარანენკომ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, უკრაინის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო, კიევში და სხვა ქალაქებში დასვენება ტურისტებს "სასაცილო ფასად" შეუძლიათ.

გარდა ამისა, კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში საქართველოს და უკრაინის თანაშრომლობის მნიშვნელობას.

"შეიძლება თქვენი ქვეყანა უკრაინის პარტნიორი და მხარდამჭერი იყოს ტურიზმის სექტორში. მითუმეტეს როცა საუბარია შორეული ქვეყნებიდან მომავალ ტურისტებზე მაგალითად, ჩინეთიდან, ისრაელიდან, კორეიდან, რომლებიც აქტიურად მოგზაურობენ. რამდენიმე დღის უკრაინაში გატარება და შემდეგ საქართველოში ჩამოფრენა, ვფიქრობ, კარგი კომბინაციაა უცხოელი ტურისტისთვის. ტურიზმი სამაშველო რგოლია ეკონომიკისთვის, მაგრამ მას სჭირდება ხელშეწყობა.

მთლიანობაში საქართველო ტურიზმის სტიმულირებისთვის 25 მლნ ლარს ხარჯავს, უკრაინას კი მხოლოდ ოცნება შეუძლია ამაზე. კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 250 ათასი დოლარია. ხოლო უკრაინის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო გაუქმდა და უკვე სამი წელია ტურიზმისთვის ცალკე ბიუჯეტი არ გვაქვს. ადრე მეც მეგონა, რომ ტურიზმი ეკონომიკის დამხმარე სექტორი იყო. ახლა ტურიზმის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და თანდათან იცვლება მიდგომა ტურიზმის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, ამ სექტორს მაინც დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ. ვიმედოვნებ, უკრაინელი კოლეგები ქართველ კოლეგებს მოუსმენენ", - განაცხადა ტარანენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები