მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-თურქეთი სატვირთო გადაზიდვების სანებართვო დოკუმენტების სრულად ციფრულ ფორმატზე გადადიან

სარფი

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თურქეთთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა დღეიდან აამოქმედა.

უწყების ინფორმაციით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე მექანიზმს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის“, - აცხადებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბაკურ მიქაძე.

სააგენტოს ცნობითვე, ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები