საქართველო თურქეთთან სავაჭრო კვოტებისა და ტარიფების გადახედვაზე მუშაობს. შესაბამის მოლაპარაკებებს მხარეები ივნისიდან სპეციალური თანამშროლობის ფორმატში აწარმოებენ. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სურს, რომ სავაჭრო კვოტები და გადასახადები, რომელიც თურქეთთან სავაჭრო შეთახმების ფარგლებში არსებობს, შემცირდეს ან სრულად განულდეს. საუბარია ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე, ასევე ხილსა და ღვინოზე.
„ჩვენ თურქებთან გავხსენით მოლაპარაკება, რომ ამ პროდუქციაზე, მეტი სტიმულირების მიზნით, მოხდეს დამატებითი ლიბერალიზაცია. შემცირდეს ტარიფი ან ნულოვანი იყოს კვოტები
თურქეთი საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს. მათთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა ივნისის თვეში, სადაც ჩამოყალიბდა სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. ამ შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო და თურქეთი იმისთვის, რომ უფრო განავითარონ ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები, გადახედავენ სავაჭრო შეთანხმებას, სადაც რიგი ცვლილებები შევა. მათ შორის ტარიფების ლიბერალიზაციის კუთხით, ასევე სერვისების ნაწილში ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებას თურქეთთან, რომელიც აქამდე ამის ნაწილი არ ყოფილა“,- აღნიშნა გენადი არველაძემ.

























