საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით თურქმენული ნავთოპროდუქტების გადაზიდვები მინიმუმამდეა შემცირებული, როგორც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი საბოლოოდ კარგავს თურქმენულ ნავთოპროდუქტების გადაზიდვებს. ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში თურქმენეთის მიერ ტრანსკასპიური მიმართულებებით ნავთოპროდუქტების გადაზიდვებმა 1.56 მლნ ტონა შეადგინა, წინა წელთან შედარებით ზრდა 37%-ია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ნავთოპროდუქტების გადაზიდვებში ზრდის ტენდენციებს. აღნიშნული მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო წილი - 85 ათასი ტონა, ანუ 5% იქნა გატარებული საქართველოს ნავსადგურების და რკინიგზის საშუალებით.
როგორც პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, თურქმენული ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მოცულობა, რუსეთის გავლით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ძირითადად ორი სატრანსპორტო არტერიით, გადაიზიდება: ვოლგა დონიის სამდინარე არხით, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა ნავთოპროდუქტების გადაზიდვები და 0.8 მლნ ტონა შეადგინა და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სადაც გადაზიდვების მოცულობამ 0.5 მლნ ტონა შეადგინა, ზრდა 26%-ია.
საგულისხმოა, რომ სადღეისოდ თურქმენული ნავთოპროდუქტების რუსეთზე გამავალი დერეფნებით გადაზიდვების დამკვიდრებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ რუსეთი აქტიურად ანვითარებს ვოლგა დონის არხით „ზღვა - მდინარე“ ტიპის გადაზიდვებს და სათანადო სატერმინალო ქსელს.
თურქმენული ნავთოპროდუქტების საბოლოო დანიშნულება, ძირითადად ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებია, შესაბამისად ტვირთის საბოლოო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მიმზიდველი და ოპტიმალური, საქართველოზე გამავალი სატრასპორტო დერეფნით გადაზიდვაა, რომლის გამოყენებითაც ბოლო პერიოდში გადაიზიდებოდა თურქმენთული ნავთოპროდუქტები.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, იმ ვითარებში, როცა ალტერნატიული დერეფნებით, ხდება თურქმენული ნავთოპროდუქტებისათვის ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატერმინალო ქსელის განვითარება, პრაქტიკულად მიმდინარეობს ტვირთნაკადის, რუსეთის მიმართულებით, დამკვიდრების პროცესი, ახლო მომავალში, საქართვლოზე გამავალი დერეფნით წარმოუდგენელი იქნება დაკარგული ტვირთნაკადის ხელახალი მოზიდვა.