"ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება, „ტვინების გადინებას“ უწყობს ხელს, ეს რისკი კი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ემუქრება“, – თემაზე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით კიზირიამ, საქმიანი დილის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი არ შეიქმნება ქვეყანაში მოგებიანი ეკოსისტემა, საქართველო დაკარგავს მნიშვნელოვან ინვესტორებს.
„თუკი გავაანალიზებთ სტარტაპებს, რომლებიც წარმატებულები არიან, ან იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩნდება რომ ყველა ტოვებს ან დატოვა ტერიტორია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ქვეყანაში ეკოსისტემა და კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და მათ ქვეყანაში შენარჩუნებას, არამედ, მოიზიდავს სხვებსაც.
დღესდღეობით, ნაკლები დაინტერესებისა და არახელსაყრელი გარემოს გამო, სტარტაპები გამორბიან რუსეთიდან, ბელარუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან, თურქეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, ეს ნაკადები კი შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ, თანაც არა როგორც მიგრანტები, არამედ მივიღოთ როგორც საინტერესო ინიციატივების მქონე მაღალინტელექტუალები და ინვესტორები. ეს ყველაფერი კი, ეკონომიკური ზრდის მთავარი წინაპირობაა", – აღნიშნა დავით კიზირიამ.