„საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორები საქართველოში მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ ის, რისი შეთავაზება შეუძლია ქვეყანას და დაიწყონ ბიზნესი საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა საქართველო-EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც ასოციაციის წევრი ქვეყნების ბაზარზე მეტი ქართული პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტს უზრუნველყოფს.
"საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება EFTA ქვეყნებთან, ხოლო ისლანდიამ ფეხბურთში დაამარცხა ინგლისი - ვფიქრობ ამაში არის საღი აზრის მარცვალი. უმნიშვნელოვანესი ეტაპის გარიჟრაჟზე გამართული დღევანდელი შეხვედრა საქართველოს შვეიცარიელი ინვესტორებისათვის გაცნობის, უახლესი ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების თქვენთვის წარმოდგენის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა პრემიერმა და, ეროვნული და რეგიონალური ეკონომიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ბოლოდროინდელ წარმატებებსა და მოკლე და საშუალოვადიან გეგმებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩამოთვალა ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორთა სწრაფად განვითარებად ქსელს სთავაზობს.
"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა და შესანიშნავი საინვესტიციო გარემო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენთან ბიზნესის წარმოება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით კი, საქართველო, საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, მე-9 ადგილზეა. რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე არსებული უსაფრთხოების დარგში არსებული მძიმე გამოწვევებისა და პოლიტიკური ტურბულენტობის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მდგრადობას, რაც დემოკრატიული და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა.
საქართველო საკმაოდ კარგ ეკონომიკური ზრდის ტემპას ინარჩუნებს. ყველა მოწინავე სარეიტინგო ორგანიზაცია სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა გასული 5 წლის მანძილზე 4,9%-ს შეადგენდა და საქართველოს მიერ ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტემპის შენარჩუნება მომავალ წლებშიცაა მოსალოდნელი. ბოლო წლების მანძილზე ასევე გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში. 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-ით გაიზარდა. ესაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ყველაზე დიდი რაოდენობა 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის რაოდენობა საქართველოში 1,35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























