მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციას დროებით გადასახადებისგან გაათავისუფლებს

6459fc0652ae1
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.23 11:50
2979
საქართველო, ივნისში რუმინეთთან ერთად 2023 წლის 21 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის თამაშები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. პარლამენტის უმრავლესობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციის, ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებული ოპერაციების გადასახადებისგან გათავისუფლება იგეგმება.

საუბარია UEFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაღებულ ხარჯებზე, მიღებულ შემოსავლებსა და სხვა ოპერაციებზე, რომლებიც საერთო ჯამში, ჩემპიონატის მასპინძლობას უკავშირდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, მსგავს საგადასახადო შეღავათებს UEFA-ს ჩემპიონატების მასპინძლობის პერიოდში სხვა ქვეყნებიც უწესებენ.

“კანონის პროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთვის, ვინაიდან, 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, მათთვის იმოქმედებს საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან; მათ მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; მათ მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ასევე, საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან; ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან; დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, ერთი მხრივ, პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მეორე მხრივ, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში საუბარია სავარაუდო თანხებზეც, რომლებზეც საგადასახადო შეღავათები გავრცელდება.

“საგულისხმოა, რომ უეფა მზადაა დააფინანსოს ამ ღონისძიებაზე გაწეული ხარჯები, საკანონმდებლო ცვლილების გარშე კი მას მოუწევს დღგ-ს გადასახადის გადასახადის გადასახდელად ხარჯების 18% ზრდა, რაც ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების მიხედვით მითითებულ თანხაზე 440 580 ევროს ექვივალენტი ლარში იქნება. რაც შეეხება ქვეყანაში შემოტანილი ტექნიკური საშუალებების სახეობებსა და მათ რაოდენობას, სავარაუდოდ საბაჟო ხარჯები არანაკლებ 1000 000 ლარი იქნება, რომლის გადახდაც მოუწევს შემომტანს. უეფა-ს სხვა მსაგავსი შეხვედრების ისტორიებიდან გამომდინარე, მსგავსი საგადასახადო შეღავათები იქნა დაწესებული. გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 500 000 ლარი, მათ შორის დღგ იქნება 76 272 ლარი. სხვა შეღავათები, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის სახით, წინასწარი გათვლებით არ იქნება 200 000 ლარზე მეტი,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები