მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველო - უელსი თბილისში დიდი პატივი იქნებოდა” - სოსო ტყემალაძე

საქართველო უელსი

საქართველოს სარაგბო ნაკრები შემოდგომაზე შესაძლოა უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდეს. საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელ X-ზე ქართულმა მხარემ უელსელებს შემოდგომაზე საერთაშორისო ამხანაგური ტესტ მატჩი შესთავაზა, რაზედაც მალევე უელსის რაგბის კავშირმა ქომაგებს შორის ინტრიგა გააჩინა პასუხით - “კავშირზე დავრჩეთ”.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე BBC Sport Wales-ს ესაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დაპირისპირებას ქართული სარაგბო თემისთვის:

“ეს უდიდესი პატივი იქნება. ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, მათ კი კალენდარსა და ცხრილს უნდა გადახედონ. საპასუხო უკუკავშირში აშკარად პოზიტიური ნიშნები შეინიშნება. უკანასკნელად ერთმანეთს გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდით, სადაც დავმარცხდით, თუმცა ქომაგებს ამ დაპირისპირების ხილვა კვლავაც სურთ. აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენთვის საქართველოში ასეთი დონის მატჩების ჩატარება დიდი დღესასწაულია, რითაც უკვე გამარჯვებულები ვართ. უელსი საქართველოში არასდროს ყოფილა ჩვენ კი გვსურს უელსელ ხალხს ჩვენი სამშობლოს კარი გავუღოთ. 2022 წელს მათ შესანიშნავად გვიმასპინძლეს, როდესაც პირველად შევძელით მათი დამარცხება. ჩვენ ჩვენს კარს ფართოდ გაღებულს ვტოვებთ და თუკი ჩვენთან ჩამოვლენ ეს ღმერთის ბოძებული საჩუქარი იქნება. ქართული მხარე ამისთვის ყველაფერს აკეთებს და ველოდებით მათ ქმედით ნაბიჯებს” - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

ქართული მხარის განცხადებით მათ უელსელ მორაგბეებს პირველი თამაშის გამართვა თბილისში, ხოლო განმეორებითი ტესტ მატჩის ჩატარება კარდიფში შესთავაზეს.

გულშემატკივრებმა აღნიშნული შეხვედრა “ექვსი ერის პლეი-ოფად” შერაცხეს, რადგან 2003 წლის შემდეგ პირველად უელსმა ტურნირში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლო, რის გამოც მეტაფორული “ხის კოვზის” ჯილდო დაიმსახურეს, რითაც ექვსი ერის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს აჯილდოებენ.

პარალელურად საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია ანგარიშით 36-10 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

ზემოთ ჩამოთვლილ ორ ჩემპიონატს შორის აღზევება/დაქვეითების სისტემა, რომ არსებობდეს სწორედ ეს ორი ნაკრები დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს, რაც მოსალოდნელ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის სარაგბო ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც “ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს კარდიფში გამართულ შეხვედრაში, ანგარიშით 13-12 გაიმარჯვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები