ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ტემპი, ბოლო წლებში, საგრძნობლად დაჩქარდა. ამ მიმართულებით დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე 500Georgia-სა და ინვესტორებს, რომლებიც ქართულ სტარტაპებში ფულს აბანდებენ და ქართულ ეკონომიკას მხარდაჭერას ასე უცხადებენ.
როგორც AXEL-ის წევრი ენჯელ-ინვესტორი, ნიკოლოზ ქევხიშვილი TECH INFORM-ში ამბობს, ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ჯერაც განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, მაგრამ ტემპი, რომლითაც ის ვითარდება - ძალიან სწრაფია. მისივე თქმით, ეს ჩანს გარედანაც, რაც ქართული სტარტაპების მიმართ უცხოელი ენჯელ-ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების ინტერესით დასტურდება.
“ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი, მაგრამ ძალიან სწრაფი ეკოსისტემა, რომელსაც გვერდში უდგას, რომლისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი.
თუკი დავაკვირდებით საქართველოს გლობალური ჭრილიდან, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უკვე გაჩნდა სტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე. ქართულ სტარტაპებს კარგად იცნობენ სხვა ქვეყნების ენჯელ-ინვესტორები და სხვადასხვა ტიპის ფონდები, რაშიც წვლილი მიუძღვის, როგორც თავად სტარტაპებს, ასევე იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სისტემას უდგანან გვერდში”, - განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ქართველმა ენჯელ-ინვესტორმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, ქართულ სტარტაპებს შორის ყველაზე საინტერესოა.
“საქართველოში, სტარტაპები, როგორც წესი, სხვადასხვა ტრადიციული სფეროებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე ოპერირებენ. აი, მაგალითად, ბევრი საინტერესო ფინტექ და აგრიტექ კომპანიები გვაქვს, ანუ ფინანსების და ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე მყოფი სტარტაპები. ასევე, მსოფლიოში არსებული ტენდენციების შესაბამისად, სტარტაპები გვაქვს Web3-ისა და ბლოკჩეინის მიმართულებით”, - აღნიშნა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.