მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა

5ccbf0591ec4d
BM.GE
03.05.19 11:35
720
საქართველო ENQA-ს წევრი გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA)“ გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ENQA-ს პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის. ევროპული ასოციაციის (ENQA)“ წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდება „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადი გააკეთა “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაში (ENQA)” , რომელიც ევროპაში წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას. მისი წევრობა კი გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

ENQA-ში ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

• საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
• საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
• უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
• სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
• ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები