ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს, რომ ის გახდეს ნატოს წევრი, - ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. ჩვენ ვართ ერთგულები ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი და 2008 წლის დეკლარაციისადმი, რომელიც გაჟღერდა ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ახლო მომავალში გაიმართება, ჩვენ ველით, რომ აღიარებული იქნება საქართველოს მიღწევები ნატოში გაწევრიანების გზაზე. აღიარებული იქნება ის უზარმაზარი წვლილი, რაც საქართველოს შეაქვს ნატოს მისიებში და ჩვენს საერთო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ჩვენ ამ სამიტიდან ველით, რომ ხაზი გაესმევა თავდაცვის ხარჯების ზრდას და მოკავშირეების მიერ ბიუჯეტში მეტი თანხების გამოყოფას თავდაცვაზე. ყველა ამ სფეროში საქართველო უკვე მტკიცე პარტნიორია ნატოსთვის“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. მას ასევე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და ქართველებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს საქართვლოს მოემზადოს საკუთარი ტერიტორიის დასავაცად. ეს არის ტერიტორიის დაცვის პროგრამა, სხვა დახმარების პროგრამებთან ერთად.
მიმაჩნია, რომ თუ ქართველები ერთად იდგებიან, თუ საქართველოს ექნება ამერიკის და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა, ვერცერთი მტერი ვერ დაამარცხებს მას. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს - გახსოვდეთ თქვენი ეროვნული სლოგანი "ძალა ერთობაშია“ „ - განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.