ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებული მაჩვენებელი იმის დასტურია, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის თავის მიმზიდველობას კარგავს.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
2025 წლის პირველ ნახევარში კი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდე შემცირდა.
როგორც შურღაიამ BMG-ის განუცხადა, ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოა. მისი მოლოდინით, FDI-ის კლების ტენდენცია გაგრძელდება.
„რეინვესტირებული თანხების კონცენტრაცია იზრდება და აღსანიშნავია, რომ წელს მეორე კვარტალში შემოსული თანხების 80% ძველი ინვესტიციების ხელმეორედ ჩაბრუნებაა და დიდწილად ეს ბანკებზე მოდის. აქ ახალი არაფერი არაა. საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის თავის მიმზიდველობას კარგავს და ეს ჩნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში.
როგორ შეიძლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გასაკვირი იყოს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სერიოზული არასტაბილურობა, როგორც პოლიტიკურად, ისე საქართველოს გარშემო გარემო არაა სტაბილური, საერთაშორისო ურთიერთობებში გვაქვს მნიშვნელოვანი არასტაბილურობა.
მოლოდინებს რაც შეეხება, ეს [უკვე] ტრენდია. ანუ არასტაბილურ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს კარგი საერთაშორისო რეპუტაცია და მყარი ურთიერთობები, განვითარების ვექტორი არ გააჩნია, უცხოური კლების მიმართულებით, ხოლო ეკონომიკა შემცირების მიმართულებით იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაია.

























