საქართველო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა. ფორუმში „m&i Transatlantic Vienna 2026“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობდა.
მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის სექტორში მუშაობენ.
ადმინისტრაციის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეხვედრების დასრულების შემდეგ შეაფასეს, სადაც ხმების უმრავლესობა საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით, კერძოდ, ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობით და ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის პერსპექტივით.
ფორუმი „m&i Transatlantic“ ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქმიანი ტურიზმის (MICE) სფეროში მომუშავე მხარეებს შორის კავშირების დამყარებასა და ახალი მიმართულებების პოპულარიზაციას.




























