16 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაში, ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მოქალაქეთა დაშინებაში. აშშ-ის სანქციები ასევე შეეხოთ პრორუსული მოძრაობის “ალტ-ინფოს” ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, რომლებიც 2021 და 2023 წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეკრებაში, რომელთა მიზანსაც საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ამ პირებს ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის აქტის შესაბამისად დაუწესა. გლობალური მაგნიტსკის აქტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის 20 დეკემბერს მოაწერა. გლობალური მაგნიტსკის აქტით სანქცირდებიან ის პირები, რომლებიც ადამიანის უფლებების შელახვასა და კორუფციაში არიან ჩართული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების ეს პაკეტი საქართველოს მოქალაქეებს და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეეხო.
აქამდე აშშ-ის ფინანსური სანქციები საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ იყო დაწესებული, რომლის სანქცირების გადაწყვეტილებაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის 14 სექტემბერს მიიღო. თუმცა აღნიშნული სანქცირება მოხდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების გამო, რაც განმარტებული იყო იმით, რომ ოთარ ფარცხალაძე დაკავშირებულია რუსულ FSB-სთან და ის საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებისთვის დგამდა ნაბიჯებს. ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუჩერა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ოთარ ფარცხალაძეს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ახალი გვარი რომანოვი.
რაც შეეხება გლობალური მაგნიტსკის აქტს, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ის 650 პირს აერთიანებდა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის ავღანეთიდან, ჰაიტიდან, ზიმბაბვედან, გვატემალადან, კამბოჯადან, რუსეთიდან, პარაგვაიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს მოქალაქეების გლობალური მაგნიტსკის სიაში შეყვანამდე ცოტა ხნით ადრე, 2024 წლის 6 აგვისტოს აშშ-მა დაასანქცირა პარაგვაის ყოფილი პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი, რომელიც მაღალი დონის კორუფციაში იყო ჩართული. 11 ივნისს კი აშშ-მა გლობალური მაგნიტსკის აქტით მაღალი დონის კორუფციაში ($50 მლნ-ზე დიდი ქრთამის აღებაში) მონაწილეობის გამო გაიანას შრომის მინისტრის მოადგილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირება მოახდინა.
2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-მა ასევე დააწესა სავიზო სანქციებიც. ეს სანქციები შეეხოთ ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ჩართულ პოლიტიკოსებს, სავარაუდოდ კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს.