მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 160 ტონა სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა - სამინისტრო

სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნარჩენების ევროპაში უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო განადგურებისთვის მოსამზადებელ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში დაგლას უებთან და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიო ახობაძესთან ერთად დაესწრო.

პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.

„ეს პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ასრულებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვალდებულებებს. სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივა არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ნების, მეცნიერული მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაერთიანებით მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 14 კომპანიაში 7 000-ზე მეტი ელექტრომოწყობილობა შემოწმდა, გამოვლინდა პქბ-ით დაბინძურებული მოწყობილობები და შეიქმნა მათი უსაფრთხო მართვის სისტემა.

„2022 წლიდან აქტიურად ვაგროვებთ პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველ ზეთებს და დღეს უკვე შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანაში არსებული დაბინძურების დაახლოებით 70% საქართველოდან უსაფრთხოდ გაიგზავნოს ევროპაში საბოლოო განადგურებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში 14 კერძო კომპანია ჩაერთო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა კერძო სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს, რადგან ნარჩენების შეგროვება, ინვენტარიზაცია, ქვეყნიდან გატანა და გაუვნებელყოფა მთლიანად დონორების მხარდაჭერით დაფინანსდა“, - აღნიშნა სოფიო ახობაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოში სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობაც დააანონსა.

„საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გასაძლიერებლად. ამ მიზნით, ვახორციელებთ სახიფათო ნარჩენების მართვის ახალ სტრატეგიას, რომელიც სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ობიექტის ადგილმდებარეობა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პოლიქლორირებული ბიფენილები (პქბ) მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი ტოქსიკურობითა და გარემოში ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა. მათი უსაფრთხო მართვა და საბოლოო განადგურება საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პროექტი „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ხორციელდება. პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), ხოლო ინიციატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები