საქართველოდან ავსტრიაში: ჯეოლაბმა ევროპულ ბაზარზე AI ცოდნისა და გამოცდილების ექსპორტი დაიწყო
შეუძლია თუ არა საქართველოში შექმნილ საგანმანათლებლო პროდუქტს ევროპული ბიზნესის, საჯარო უწყებებისა და უნივერსიტეტების დაინტერესება?
ჯეოლაბის ავსტრიული გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეიძლება ქართული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სერვისად იქცეს.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU–UNDP Innovation Challenge-ის ფარგლებში, ჯეოლაბმა ევროპულ ბაზარზე ინტელექტუალური სერვისების ექსპორტი დაიწყო. პირველი სამიზნე ქვეყანა ავსტრია გახდა, სადაც საგანმანათლებლო პროგრამამ „The ART of Using AI“ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გარშემო გააერთიანა.
პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა რვა ონლაინ და ორი ფიზიკური ვორქშოფი გრაცში. ინიციატივა ქართულ გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას აერთიანებს, რათა მონაწილეებმა AI ინსტრუმენტები ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად აქციონ და კონკრეტული პროფესიული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენონ.

ავსტრიული აუდიტორია და საერთაშორისო ინტერესი
ჯეოლაბის ონლაინ ვორქშოფებზე 203 რეგისტრაცია დაფიქსირდა, უნიკალური დამსწრეების რაოდენობამ კი დაახლოებით 84 შეადგინა. მონაწილეთა 82.9% უშუალოდ ავსტრიის სამიზნე ბაზრიდან იყო. მათ შორის წარმოდგენილი იყვნენ ვენის, გრაცის, ინსბრუკის, ლინცისა და ზალცბურგის მცხოვრებლები.
ინტერესი მხოლოდ ავსტრიით არ შემოფარგლულა. რეგისტრაციები დაფიქსირდა საქართველოდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდანაც.
განსაკუთრებით საინტერესოა განმეორებითი დასწრების მაჩვენებელი: დამსწრეთა 56.6% ორ ან მეტ ვორქშოფს შეუერთდა. ეს მიუთითებს, რომ მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ინტერესი ერთი შეხვედრით არ დასრულებულა და მათ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროფესიული გამოყენების შესწავლა გააგრძელეს.
აუდიტორიის პროფესიული შემადგენლობა პროგრამის ბიზნესისა და ინსტიტუციური მიმართულების შეფასების შესაძლებლობასაც იძლევა. მონაწილეთა შორის იყვნენ IAEA-ს, OSCE-ს, ავსტრიის ფედერალური კანცელარიის, Interreg CENTRAL EUROPE-ისა და AIT-ის პროფესიონალები.
ბიზნეს სექტორიდან წარმოდგენილი იყვნენ Siemens-ის, Holcim-ის, ÖBB-ის, T-Mobile Austria-ს, Frequentis-ის, AT&S-ის, Greentube-ისა და Bank Gutmann-ის თანამშრომლები. აკადემიური სფეროდან კი, მონაწილეობდნენ TU Wien-ის, ვენის უნივერსიტეტის, WU Vienna-ს, FH Joanneum-ისა და გრაცის უნივერსიტეტის პროფესიონალები.
ასეთი მრავალფეროვანი აუდიტორია აჩვენებს, რამდენად განსხვავებულ სამუშაო გარემოში ჩნდება AI-ის პრაქტიკული ცოდნის საჭიროება.

AI-ის შესახებ კითხვებიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე
პროგრამა ეფუძნება სანდრო ასათიანისა და პროფესორ კარლ შტოკერის თანაავტორობით შექმნილ წიგნს „The ART of Using Artificial Intelligence: A Non-Technical Guide to Creative Synthesis“.
პროგრამის მთავარი საკითხი ბევრი ორგანიზაციისა და ბიზნესისთვის უკვე ნაცნობია: როგორ გადავიდეთ AI ინსტრუმენტების გამოცდიდან მათ ეფექტიან, რეალურ გამოყენებაზე ყოველდღიურ საქმიანობაში?
პრაქტიკულ შეხვედრებზე ეს საკითხი კონკრეტულ ამოცანებად დაიშალა. მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციულ დოკუმენტაციაზე მომუშავე პერსონალური და კორპორაციული AI ასისტენტების შექმნას, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციასა და ბუნებრივი ენით მინი-აპლიკაციების აწყობას, რომელსაც არ სჭირდება პროგრამირებისა და Coding-ის სპეციალური ცოდნა.
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ:
- როგორ შეიძლება AI ასისტენტმა თანამშრომელს საჭირო ინფორმაციის მოძიება გაუმარტივოს?
- როგორ დავაკავშიროთ რამდენიმე ინსტრუქცია კვლევის ან ანგარიშის მოსამზადებლად?
- როგორ ვაქციოთ იდეა მცირე აპლიკაციად ტრადიციული პროგრამირების ცოდნის გარეშე?
სწორედ ასეთ პრაქტიკულ შესაძლებლობებს მოიცავდა პროგრამის შინაარსი.
გრაცში ფიზიკური ვორქშოფები 24 და 25 ოქტომბერს, Die Schrödinger-ში გაიმართა. პროგრამას პროფესორი კარლ შტოკერი და სანდრო ასათიანი ხელმძღვანელობდნენ, ლექტორები კი სანდრო ასათიანი, ლანა ლაბაძე და სანდრო დოლიძე იყვნენ.
ინტენსიური შეხვედრები მცირე ჯგუფებში ჩატარდა. პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად, ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან გამოყენებას, მონაცემთა დაცვასა და ევროკავშირის AI აქტთან და GDPR-თან დაკავშირებულ საკითხებს.

ქართული ცოდნის გზა ევროპულ ბაზარზე
GeoLab-სთვის ავსტრია პირველი ბაზარია სერვისისთვის, რომლის საფუძველიც ცოდნა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების დანერგვაა. საწყისი შედეგები ქმნის შესაძლებლობას, უკეთ გამოიკვეთოს ევროპული აუდიტორიის საჭიროებები და მათზე მორგებული საგანმანათლებლო შეთავაზებები განვითარდეს.
ამ გამოცდილების მნიშვნელობა ცალკეულ ვორქშოფებს სცდება. ის აჩვენებს გზას, რომლითაც საქართველოში დაგროვილი ცოდნა შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად საჭიროებად ჩამოყალიბდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების დანახვა და ისეთი სასწავლო გამოცდილების შეთავაზება, რომლის გამოყენებაც მონაწილეს საკუთარ საქმიანობაში რეალურად შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ეს საჭიროება მკაფიოა: პროფესიონალებს სურთ გაიგონ, როგორ გამოიყენონ ახალი ინსტრუმენტები მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად. GeoLab-ის პროგრამა სწორედ ამ ინტერესის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნას ემსახურება.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.theartofusingai.com.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.





















