მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

ატამი და ვაშლატამა

ატმისა და ვაშლატამას მიმდინარე საექსპორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად, 1 000 ტონაზე ოდნავ მეტი პროდუქცია რჩება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ დარგის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, სეზონმა წარმატებით ჩაიარა და როგორც რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ისე მიღებული ფასი დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე, დაბალპროდუქტიული ჯიშების ჩანაცვლებასა და მოძველებული ბაღების განახლებაზე უნდა გაკეთდეს.

"სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დაიგეგმოს, რაც ფერმერებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 1 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 22.8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის საერთო ღირებულებამ 28.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ პროდუქციის საშუალო საექსპორტო ფასი 1.23 აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება სარეალიზაციო მიმართულებებს, ქართული ატმისა და ვაშლატამას მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც 21 468 ტონა პროდუქცია გაიყიდა. დანარჩენი მოცულობა კი ძირითადად სომხეთში (883 ტონა), უკრაინასა (259 ტონა) და ბელარუსში (178 ტონა) განაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები