გასული 7 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 20%-ზე მეტად გაიზარდა, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის გერმანია მეექვსე ადგილს იკავებდა. გერმანიიდან საქართველოში საანგარიშო პერიოდში 251 341.3 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მოცულობის 4.9%-ია. წლიურად გერმანიიდან იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა.
გასულ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით გერმანიაში თხილი და კაკალი გავიდა და მისმა ექსპორტმა 14 394,2 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოში გერმანიიდან კი ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები შემოდის, რომლის იმპორტმაც გასულ წელს 48 470,0 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის გერმანია მერვე ადგილს იკავებს. წლის პირველ შვიდ თვეში გერმანია-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 279 353.2 ათასი დოლარი იყო, რაც მთლიანი მოცულობის 4%-ია.
რაც შეეხება ექსპორტს, 7 თვეში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 28 011.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი მოცულობის 1.5%-ია.
2017 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 45 391.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი თითქმის განახევრდა (85 352,5 ათასი დოლარი 2016 წელს).