საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან კვერცხის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა.
9 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 3.9 მლნ დოლარის 10.4 მლნ ცალი კვერცხი გაიტანა, რაც წლიურად ღირებულებაში 30%-ით, ხოლო რაოდენობრივად 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვერცხის ექსპორტი მხოლოდ ორ ბაზარზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება:
- აზერბაიჯანი - $2.7 მლნ/7.7 მლნ ცალი;
- სომხეთი - $1.1 მლნ/2.8 მლნ ცალი.
რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში 5.4 მლნ აშშ დოლარის 28.4 მლნ ცალი კვერცხი შემოვიდა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივად 41%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო ღირებულებით გამოსახულებაში მცირედ - 0.5%-იან ზრდას აჩვენებს. მონაცემები მიანიშნებს რომ ქვეყანას კვერცხის იმპორტი გაუძვირდა.
საქართველოში წელს შემოსული კვერცხის 80%-ზე მეტი თურქეთიდანაა. უფრო დეტალურად, კვერცხის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
- თურქეთი - $3.7 მლნ/24 მლნ ცალი;
- ბულგარეთი - $828.9 ათასი/20.2 მლნ ცალი;
- პოლონეთი - $392.6 ათასი/892.8 ათასი ცალი;
- ჩეხეთი - $328.5 ათასი/1.2 მლნ ცალი;
- ნიდერლანდები - $97.9 ათასი/295.9 ათასი ცალი.